ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
1577 სკოლაში დღეიდან სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო
საქართველოში მოქმედი 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით. უზრუნველყოფილნი არიან ასევე სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.
სამინისტროს ცნობით, სკოლებში სრულად არის დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები.
„რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას - 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა აქვთ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით - Microsoft office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა. ამასთან, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებმა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახების შექმნეს და პედაგოგებს ეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში,“ - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავცერელებულ ინფორმაციაში.