ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად ჩატარდება
ბათუმსა და ქობულეთში პირველ ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი და შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის ინფიცირებულთა ზრდას ველოდებოდით, ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი არის მზად. მთავარი არის, რომ ეპიდემიის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი გამოიწვევს მობილობის კიდევ უფრო გაზრდას, ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებები დღეს მივიღეთ - ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება. სწავლა იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ბათუმსა და ქობულეთში ბავშვები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას 1-ლი ოქტომბრიდან განაგრძობენ, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.