Baby Bag

,,გინდა, რომ კარგი შვილი გყავდეს? მაშ, მიეცი მას თავისუფლების გზა" - შალვა ამონაშვილი

,,გინდა, რომ კარგი შვილი გყავდეს? მაშ, მიეცი მას თავისუფლების გზა" - შალვა ამონაშვილი

,,ჩვენ დაბადებულები ვართ იმისთვის, რომ შევიმეცნოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა. რად გვინდა ჩვენ ეს? ყევლაფერი ეს დიდხანს არ დაგვჭირდება, მაგრამ სხვანაირად არ შეგვიძლია - ეს შემეცნებითი ძალა ბავშვზე მოქმედებს დაბადებიდანვე. სამი პირობა უნდა დაიმახსოვრონ უფროსებმა - განავითარეთ ბავშვი, ისე მოექეცით - თითქოს, ის დიდია და აღარ არის პატარა და აგრძნობინეთ, რომ ის აკეთებს იმას, რაც მათ უნდათ, რომ გააკეთონ", - ამის შესახებ აკადემიკოსმა, პედაგოგმა - შალვა ამონაშვილმა გადაცემაში ,,იმედის დღე" ისაუბრა.

,,ხანდახან ბავშვს ეუბნებიან - გააკეთე, რაც გინდა. მას ეს თავისუფლება არ უნდა. მას სურს შემდეგი - ვითომ, თვითონ აირჩია ის, რის გაკეთებაც უნდა. ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის აღზრდით იწყება. ბავშვს სწავლისთვის უნდა მოტივი - რა მოტივს ვაძლევთ მას სწავლისთვის, ცხოვრებისთვის, ურთიერთობისთვის? სკოლაში ის მიდის უარყოფითი მოტივებით - არ მინდა. რატომ? იმიტომ, რომ ვაძალებთ. ჩვენ - დიდებიც გავურბივართ იმას, რასაც გვაძალებენ, მიუხედავდ იმისა, რომ გვაქვს ნებისყოფა. ბავშვს თავისუფლება უნდა - დააძალებ? გაგექცევა. აარჩევინებ? გამოგყვება. თუ მასწავლებელიც ასე მოიქცევა და ბავშვს მისცემს არჩევანის საშუალებას - ეს გავაკეთოთ თუ ის? მას მიეცემა მოტივი, ითანამშრომლოს მასთან და დიდად იგრძნოს თავი. ასე მოუნდება სკოლაში მისვლა, შემდეგ კი გაეხარდება. თუ ბავშვს არ უხარია სკოლაში მისვლა, თუ მას არ ახარებს მასწავლებლის თვალები, მისი მოფერება და წაქეზება, აქ უკვე არ არსებობს მისთვის მოტივი - ამ მასწავლებლის გაკვეთილიდან გაიპარება.  თუ მე, როგორც მშობელი ან როგორც მასწავლებელი, ავტორიტეტი ვარ, მე შემიძლია, ვუთხრა ბავშვს - ეს არ გააკეთო, ძალიან გთხოვ. ჩემი ეს სიტყვა მისთვის დაცვითი პედაგოგიკა აღმოჩნდება, ის უკვე დაცულია.  გინდა, რომ კარგი შვილი გყავდეს ამ ქვეყნისთვის, საკუთარი ცხოვრებისთვის? მაშ, გაუხსენი მას ნიჭი, მიეცი გზა - თავისუფლების გზა, რომ მან შემდეგ თვითონ გაიკვლიოს, საითკენ გაუხვიოს. 

სკოლა არ არის შენობა - ეს არის მასწავლებელი. მასწავლებელი სულმნათს ნიშნავს. როგორი უნდა იყოს ის - კეთილი, მოსიყვარულე, თავაზიანი, გამგები, გულისხმიერი", - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ,,​იმედის დღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად