Baby Bag

განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის სტრატეგია შეიმუშავა

განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის სტრატეგია შეიმუშავა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების და ახალგაზრდების, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე მიზნობრივი ჯგუფების ფორმალურ განათლებაში სრულფასოვანი და ეფექტური ჩართულობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, აქვე შეჯამდა მიმდინარე წლის შედეგებიც. ღონისძიებას დაინტერესებული და ჩართული მხარეები ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციისა და აღნიშნული პრობლემის დაძლევის მიმართულებით, სამინისტრომ დონორ ორგანიზაციებთან ერთად, თანმიმდევრული და ეფექტური საგანმანათლებლო პოლიტიკა გაატარა და UNICEF-ის, „ვორლდ ვიჟენისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის სტრატეგია შეიმუშავა; განვლილ პერიოდში ,,სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგისა და ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის“ შეიქმნა უწყებათაშორის ინფორმაციის მიმოცვლის სახელმწიფო პროგრამის პროექტი; ასევე მიუსაფარი ბავშვებისთვის (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის) სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი - ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ ამოქმედდა.

2018 წელს 130-მდე მიუსაფარი ბავშვი იქნა უზრუნველყოფილი ზოდაგი და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობით.

შეიძლება დაინტერესდეთ

2023 წლის გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

2023 წლის გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ 2023 წლის გამოცდების განრიგთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
რეგისტრაციის დეტალური სტატისტიკა:
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
  • მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;
  • სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული.
2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:
ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;
ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
აბიტურიენტების საყურადღებოდ: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეგეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
წაიკითხეთ სრულად