Baby Bag

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება

ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომლის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ჩაიწერება. 

კოდექსში გაწერილი იქნება ისეთი პუნქტები, როგორიცაა ექსკურსიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის ფორმები, საკვების ჰიგიენური დაცვის ნორმებით გადატანისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ვალდებულებები. ამასთან, ეს პუნქტები არეგულირებს იმასაც, რომ სკოლას არ აქვს უფლება, საექსკურსიო ტრანსპორტი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაიქირავოს. ასევე, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოითხოვოს მძღოლის პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რეკომენდაციებისა და მართვის მოწმობის სახით და ასევე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სკოლა, როგორც ექსკურსიის ორგანიზატორი, ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინოს ღონისძიების დეტალები – კონტიგენტის, ექსკურსიის ადგილისა და დროის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი, მაგალითად, მაშინ, როდესაც ექსკურსიისას რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება იქნება გამოყენებული, შესაძლებელი გახდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით კოლონა საპატრულო პოლიციამაც გააცილოს. ბავშვთა ექსკურსიას თან უნდა ახლდეს სკოლის ექიმი ან პირი, რომელიც გადამზადებულია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში. ასეთი პირი შეიძლება იყოს მანდატური ან მშობელი. თუმცა იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ.

ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება და კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის სანქციებს გამოიწვევს.

შეიძლება დაინტერესდეთ