Baby Bag

სიცილი კრიზისის დროს - 10 ლეგენდარული კომედია კინოს ისტორიის 10 დეკადიდან

სიცილი კრიზისის დროს - 10 ლეგენდარული კომედია კინოს ისტორიის 10 დეკადიდან
პანდემიის პირობებში სიცილის სურვილი ნაკლებად გვიჩნდება, მაგრამ კრიზისთან გასამკლავებლად სასიამოვნო გასართობის ძიება ადამიანებს დანაშაულად ნამდვილად არ ეთვლებათ. სახლში ყოფნა თუ მოგწყინდათ, შეგიძლიათ თავი ფილმების ყურებით გაირთოთ.

სიცილი რთულ ვითარებასთან გამკლავებაში ძალიან გვეხმარება. მართალია, პანდემიასთან ხუმრობა არ ღირს და კორონავირუსს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, მაგრამ სახლში მარტო დარჩენილებმა დრო მაქსიმალურად სასიამოვნოდ და საინტერესოდ უნდა გავატაროთ. ფილმების ყურება თუ გიყვართ, შეგიძლიათ, ოცნებები აისრულოთ და ყველა ის ფილმი ნახოთ, რომლის ნახვაზეც ყოველთვის ოცნებობდით, მაგრამ დრო არასდროს გყოფნიდათ. სტრესულ ვითარებაში, უმჯობესია, თუ არჩევანს კომედიურ ჟანრზე შეაჩერებთ. კომედია, შესაძლოა, აბსურდულიც იყოს და ინტელექტუალურიც, მელანქოლიურიც და ამაღლებულიც. აღნიშნული ჟანრი კინოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ჩვენს სტატიაში კინოს ისტორიის 10 დეკადიდან 10 კომედიურ ფილმს შემოგთავაზებთ. თითოეული მათგანი ჟანრის კლასიკად არის აღიარებული და თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ტონი ერდმანი (გერმანია, 2016 წელი)

რეჟისორმა მარენ ედიმ ფილმი პირველად 2016 წელს კანის ფესტივალზე წარადგინა. მან დაამტკიცა, რომ გერმანელებს შესანიშნავი კომედიების გადაღება შეუძლიათ. ფილმი ნამდვილი სენსაცია აღმოჩნდა. ის ვინფრედ კონრადისა და მისი ქალიშვილის, ინესის, არაჩვეულებრივ თავგადასავალზე მოგვითხრობს. სურეალისტური, სიურპრიზებით და მოულოდნელობებით სავსე „ტონი ერდმანი“ საოცარი ფილმია, რომელმაც კინომოყვარულთა გულები ეკრანებზე გამოსვლისთანავე დაიპყრო.

ბორატი (ამერიკის შეერთებული შტატები, 2006 წელი)

ბრიტანელი ტალანტი საშა ბარონ კოენი თავისი ნიჭით მაყურებელს დღემდე აოცებს. „ბორატი“ ფანტასტიკური კომედიაა, რომელიც ყაზახი ტელეწამყვანის ამერიკული თავგადასავლების შესახებ გვიყვება. რეჟისორი ჟანრობრივი მრავალფეროვნების გამოყენებით საოცარ სურათს ქმნის, რომელიც ცრურწმენებისა და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევაში გვეხმარება.

ზაზუნას დღე (ამერიკის შეერთებული შტატები, 1993 წელი)

ჰაროლდ რემისმა შესანიშნავი ფილმი გადაიღო ამინდის პროგნოზის რეპორტიორის ფილ კონორსის შესახებ, რომელსაც უსასრულო გამეორებათა ციკლში უხდება ცხოვრება. ფილმი ძალიან ბევრი სასაცილო სცენით დაგამახსოვრებთ თავს, ამას გარდა ის დაგაფიქრებთ კიდეც. თქვენ აუცილებლად დაგებადებათ კითხვა: იქნებ სამყაროში მიმდინარე მოვლენები მარადიული დეჟა ვუს ნაწილია?! რეჟისორი მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემაშიც გეხმარებათ. ფილმის ყურების შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ დიდხანს იქნებით.

ტუტსი (ამერიკის შეერთებული შტატები, 1982 წელი)

საუკეთესო კომედიები ყოველთვის მელანქოლიურია. „ტუტსი“ სასაცილო სცენებით ნამდვილად გაგანებივრებთ, მაგრამ ემოციური კადრებისთვისაც მოემზადეთ. მთავარი გმირი, რომლის როლსაც დასტინ ჰოფმანი ასრულებს, ამბიციური და წარუმატებელი მსახიობი მამაკაცია, რომელიც წარმატების მისაღწევად ქალის როლს მოირგებს და მაყურებლის სიმპათიებსაც დაიმსახურებს.

ენი ჰოლი (ამერიკის შეერთებული შტატები, 1977 წელი)

ვუდი ალენის ფილმები მელანქოლიით არის სავსე. ნიუ-იორკელი მსახიობი და რეჟისორი ქალაქს ინტელექტუალური იუმორის ეპიცენტრად აქცევს, თავად კი ფილმის მთავარი ფიგურაა. იუმორითა და ირონიით გაჯერებული ფრაზებით, სკეპტიკური ანალიზითა და საოცარი ისტორიებით ფილმი 1990-იანი წლების ნამდვილ შედევრად იქცა.

წვეულება (ამერიკის შეერთებული შტატები, 1968 წელი)

ფილმი ფილმში - ასეთია „წვეულების“ უმოკლესი დახასიათება. ეს შეშლილი ფილმია, რომელიც ანარქიული კომედიის ჟანრის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. ფილმი საოცრად ფერადი და დინამიკურია. მთავარი გმირი, რომლის როლსაც პიტერ სელერსი ასრულებს, პროდიუსერის მიერ გამართულ დაუვიწყარ წვეულებაზე აღმოჩნდება.

ბატონ იულოს არდადეგები (საფრანგეთი, 1953 წელი)

კურორტზე დასასვენებლად ჩასულ ტურისტებს ბატონი იულო მყუდროებას დაურღვევს. მხიარული, სასაცილო და საინტერესო ნიუანსებით დატვირთული ფილმი „ბატონი იულოს არდადეგები“ თქვენზე საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 8 წლის შემდეგ ფრანგმა რეჟისორმა ჟაკ ტატიმ მაყურებელი არაჩვეულებრივი კომედიით დაასაჩუქრა.

ყოფნა-არყონფა (ამერიკის შეერთებული შტატები, 1942 წელი)

ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელმა რეჟისორმა ერნსტ ლუბიჩმა მსოფლიო ომის პერიოდში საოცარი შავი კომედია გადაიღო გერმანელების მიერ ოკუპირებული ვარშავის ერთ-ერთი თეატრის შესახებ. ლუბიჩის თანამედროვეებმა ფილმი კარგად არ მიიღეს, თუმცა თანამედროვე მაყურებლები მას ნამდვილ შედევრად თვლიან და აბსურდული კომედიის ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფილმადაც მიიჩნევენ. ლუბიჩმა დაამტკიცა, რომ ნაცისტების დაცინვა სავსებით შესაძლებელი იყო.

ახალი დრო (ამერიკის შეერთებული შტატები, 1936 წელი)

ჩარლი ჩაპლინის კლასიკა დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ფილმის ყურებისას თქვენ კვლავ გებადებათ კითხვა: შეიცვალა კი რამე დასაქმებულ ადამიანთა სამუშაო გარემოში? თუ რეჟისორის თანამედროვე სამყაროში დროის მსვლელობას სპეციალური მექანიზმების წყალობით აჩქარებდნენ, დღეს ცხოვრების ტემპის სისწრაფე ციფრული სამუშაო გარემოს გავლენით იცვლება. „ახალი დრო“ მუნჯი კინოს შედევრია, რომელიც თანამედროვე მაყურებელსაც ბევრ რამეს ასწავლის.

გენერალი (ამერიკის შეერთებული შტატები, 1920 წელი)

ჩარლი ჩაპლინის „ახალი დროის“ გამოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე ეკრანები კომედიური ჟანრის კიდევ ერთი გენიოსის, ბასტერ კიტონის შესანიშნავმა ფილმმა დაიპყრო. „გენერალი“ კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად არის აღიარებული. ფილმის კომიკური სტრუქტურა და მომხიბვლელობა, რომელსაც კიტონისთვის დამახასიათებელი მელანქოლიის ღრმა განცდა ახლავს თან, მაყურებელს თითქმის ერთი ასწლეულის შემდეგაც ატყვევებს. 

მომზადებულია ​dw.com​-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ