Baby Bag

საბავშვო ოთახში ზონების და ავეჯის სწორი განლაგებით არამარტო კომფორტი და სიმყუდროვე მიიღწევა, არამედ ეს ბავშვის სწორ განვითარებასაც უწყობს ხელს

საბავშვო ოთახში ზონების და ავეჯის სწორი განლაგებით არამარტო კომფორტი და სიმყუდროვე მიიღწევა, არამედ ეს ბავშვის სწორ განვითარებასაც უწყობს ხელს

დღეს პარასკევია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ინტერიერის დიზაინერ ნინი ოგანის რეკომენდაციებს გთავაზობთ. გაეცანით რჩევებს სახლის ინტერიერთან დაკავშირებით და არ დაგავიწყდეთ, მოგვწერეთ თემები, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

წარმოგიდგენთ მესამე თემას - საბავშვო ოთახის ზონირება

ბავშვის და მოზარდის ოთახებს შორის განსხვავება ისაა, რომ ბავშვის ოთახში საჭიროა ყველა ზონის - სათამაშო, სამეცადინო, საძილე... გაერთიანება. ამ ზონების და ავეჯის სწორი განლაგებით არამარტო კომფორტი და სიმყუდროვე მიიღწევა, არამედ ეს ბავშვის სწორ განვითარებასაც უწყობს ხელს. ოთახის სწორი ზონირება ბავშვს წესრიგს და სივრცის სწორად განაწილებას ასწავლის. 

არსებობს რამდენიმე წესი, როგორ უნდა გაანაწილოთ საბავშვო ოთახში სივრცეები

როდესაც ოთახი მხოლოდ ერთი ბავშვისაა, მისი ზონირება შესაძლებელია იატაკის სხვადასხვა წყობით ან განსხვავებული მასალით, სხვადასხვა ჭერის ფორმით ან ავეჯით. ასევე ბავშვის ინტერესის გათვალისწინებაც აუცილებელია. მაგალითად, თუ ბავშვს ცეკვა უყვარს, მას ოთახში დიდი სარკე შეგიძლიათ გაუკეთოთ, თუ კალათბურთით არის გატაცებული, შეგიძლიათ, ოთახში კალათბურთის ფარი დაუმონტაჟოთ. 

თუ ლაპარაკია სხვადასხვა სქესის ბავშვების ოთახში სივრცეების განაწილებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თავისი კუთხე. მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ და აუცილებლად სჭირდებათ პირადი სივრცე. ამიტომ კარგია ცალ-ცალკე ლოგინების განთავსება.

ფუნქციონალური ზონების გაყოფა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება, მოახდინოთ ოთახის ზონირება:

  • იატაკის ან/და ჭერის დონის შეცვლა 
  • საძინებლის ზონის გაყოფა ფარდით ან სხვა ტექსტილის ნამუშევრით (შირმა)
  • ოთახის ზონების თაღით და კოლონებით გაყოფა
  • სხვადასხვა მასალით ან/და ფერით მოპირკეთება (კედლების, იატაკის)
  • ავეჯით გაყოფა - კარადა, თაროები ან დივანი

​ბავშვის ოთახში რემონტის გაკეთებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მასალა უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი.

ყველა ბავშვის ოთახს (არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ბავშვი ცხოვრობს მასში) უნდა ჰქონდეს სამი ზონა: სათამაშო, საძილე და სამეცადინო. თუ არის ფართის საშუალება, მას შეიძლება დაემატოს სპორტის და გარდერობის ზონები. 

სათამაშო ზონა

გარკვეულ ასაკამდე სათამაშო ზონა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბავშვის ოთახში. სულ პატარებისთვის უნდა გაითვალისწინოთ სწორი კუთხეების დარბილება ან საერთოდ თავის არიდება. ამიტომ ავეჯი ისე განალაგეთ, რომ გათავისუფლდეს ოთახის ცენტრი ან ოთახის რომელიმე ნაწილი თამაშისთვის. 

ამ ზონის საძილე ზონისგან განცალკევებაში დაგეხმარებათ არამარტო დეკორატიული შირმები ან თაროები, არამეტ სპორტული საგნები - ე.წ. შვედური კედელი, თოკები ან კიბეები. ასეთი სტილის ოთახის გაფორმება შესაძლებელია ფოტო-შპალერებით ან მკვეთრი მხიარული ფერის მასალებით. ამ ზონაში  აუცილებელია ხალიჩა, რადგან ბავშვებს ხშირ შემთხვევაში იატაკზე თამაში უყვართ.  

სათამაშოების შენახვა შესაძლებელია სპეციალურ ყუთებში ან თაროებზე, რომლებიც სათამაშო ზონასთან უნდა იყოს განთავსებული.

საძილე ზონა

საძილე ზონა შედგება საწოლისგან და პატარა ტუმბოსგან. ორი ან მეტი ბავშვის შემთხვევაში, დგამენ ორდონიან საწოლს და დამატებით ადგილს დივნის სახით, რომელიც დღის განმავლობაში მოსასვენებელი ადგილი იქნება. 

ამ ზონის გაყოფა შეიძლება ამაღლებული ადგილით, შირმებით, საინტერესო ფორმის კედლით, სხვადასხვა ტექსტილით, სასურველია მკვეთრი ფერების გამოყენება. ასევე შესაძლებელია თაროებიანი კარადის დამონტაჟება, სადაც წიგნებსა და სხვადასხვა ნივთებს შეინახავს. 

თუ საბავშვო ოთახის ფართი პატარაა, ბავშვის საძილე ადგილი შეიძლება მომცრო (დაბალი) ზომის კარადის თავზე განთავსდეს, კარადას შეიძლება ჰქონდეს ბავშვის სამეცადინო მაგიდა და თაროები წიგნებისთვის.

სასწავლო ზონა


თქვენი ბავშვი იზრდება და უკვე დროა, იფიქროთ იმ ადგილის მოწყობაზე, სადაც ბავშვი დახატავს, გამოძერწავს, ფაზლებს ააწყობს. ამ ასაკში ეს შეიძლება იყოს, პატარა ლამაზი მაგიდა და სკამი, შემდეგ კი მას შეცვლის ჩვეულებრივი სასწავლო მაგიდა.

იდეალური გადაწყვეტილებაა - სასწავლო ზონის განთავსება ფანჯარასთან ისე, რომ შუქი ეცემოდეს მაგიდის ზედაპირზე მარცხენა მხრიდან ან პირდაპირ. თუ საშუალება არაა ფანჯარასთან განთავსდეს ეს სივრცე, საჭიროა ხელოვნური მაგიდის სანათი. 

​ამ ზონაში ასევე საჭიროა წიგნების თაროების განთავსება, შესაძლებელია პატარა დაფის გაკეთება, სადაც ცარცით რამეს მონიშნავს ან დახატავს, ბავშვის განვითარებისთვის ასევე ძალიან სასარგებლოა მსოფლიო რუკის გაკვრა.

ერთსქესიანი ბავშვების ოთახის ზონირება

გეგმარება და დიზაინი ასეთი ოთახის გამომდინარეობს მისი მაცხოვრებლების ასაკიდან. თუ ერთი ბავშვი ბაღის მოსაწავლეა და მეორე სკოლის - სათამაშო და სასწავლო ზონა უნდა იყოს მაქსიმალურად დაშორებული ერთმანეთისგან, როცა უფროსი ბავშვი მეცადინეობს, უმცროსის თამაში მას ხელს უნდა არ უშლიდეს.

ამ შემთხვევაში ფერი შესაძლებელია ორივესთვის ერთი იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ ცალკე-ცალკე ან შესაძლებელია ორსართულიანი საწოლი. 

გოგოების შემთხვევაში აუცილებელია პატარა სივრცის შექმნა, სადაც თავის მოწესრიგება შეეძლებათ. 

ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საძილე, სამეცადინო ზონები ცალ-ცალკე. სათამაშო ზონა კი შეიძლება საერთო იყოს. 

 

სხვადასხვასქესიანი ბავშვების ოთახის ზონირება

ამ შემთხვევაში საჭიროა ორი საძილე, ორი სასწავლო და ორი მოსასვენებელი ზონის მოწყობა. სათამაშო ზონა ამ შემთხვევაშიც შეიძლება იყოს საერთო, მაგრამ ცალ-ცალკე ადგილი, სადაც თავიანთი ნივთებისა და სათამაშოების შენახვას შეძლებენ. 

დეკორის შემთხვევაში ფერით ზონირებაა შესაძლებელი. მაგალითად, გოგოსთვის უფრო ღია პასტელური ფერები, ბიჭისთვის შედარებით მკვეთრი, მაგრამ არაგამაღიზიანებელი ფერებია საჭირო. შეიძლება ოთახის ერთ ფერში გაფორმება, მაგრამ ზონების განსხვავება აქსესუარებით და ტექსტილით.

ასევე შესაძლებელია ლოგინის კედლის გაფორმება - ბიჭს მოუხდება მანქანები, თვითმფრინავები, ხოლო გოგოს ყვავილები და საყვარელი მულტფილმის პერსონაჟები. შეგიძლიათ პირადად აარჩევინოთ სასურველი დიზაინი.

ასევე საჭიროა უზრუნველყოთ სასწავლო ზონა ისე, რომ მეცადინეობის დროს ბავშვები ერთმანეთს არ უშლიდნენ ხელს და მათი ნივთებიც არ უნდა ირეოდს ერთმანეთში, ამისთვის კი შესანახი ადგილებიც  ცალ-ცალკე უნდა იყოს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვს ნებისყოფა არ ჰყოფნის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს გავარჯიშებადია და სამუშაოა,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ მშობლებს ურჩია, როდესაც ბავშვი იტყუება, აუცილებლად გაარკვიონ, რაში დასჭირდა მას ტყუილი და რა იყო მისი მიზანი:z

„ბავშვს სტატუსი რაც აქვს, უფრო მეტი და მეტი უნდა. თუ 12 წამში გაირბინა 100 მეტრი, შემდეგ 9-ში და 8-ში უნდა. ამას აქვს გარკვეული ასაკი. ეს არის 12-დან 18-19 წლამდე ასაკი. ეს იმიტომ ხდება, რომ სტატუსი მჭირდება. ყველა იტყუება სტატუს-კვოს შენარჩუნების მიზნით. ტყუილი თითქოს ნეგატიურია, მაგრამ სიამოვნებით ვამბობთ, რომ ფეხბურთელმა მოატყუა ერთი, მეორე, მესამე. ისევე როგორც ფილმს ვნახულობთ, გვატყუებენ და ფულს ვიხდით ამაში.

თუ მორალური თვალსაზრისით შევაფასებთ, ზოგიერთი ტყუილი უკეთესია, ვიდრე მართალი. ლიტერატურაში არის ასეთი მაგალითი, ცოლი გყავს ახალი მოყვანილი, საჭმელი გააკეთა და არის რაღაც საშინელება. მადლობა უნდა გადაუხადო თუ უნდა უთხრა, რომ ეს საშინელება, თუ კარგია შენ ჭამე? როდესაც მოზრდილი ან ბავშვი გატყუებთ, გაერკვიეთ, რაში სჭირდებოდა ეს. ეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ ეშინოდა და სასჯელს გადარჩეს, თუ რისთვის? ის, რომ ბავშვი აქტიურად იტყუება, არის დასაზუსტებელი, რას ნიშნავს. გარკვეულ ასაკში ეს სჭირდება ფანტაზიას და განვითარებას. არ არსებობს კარლსონი? არ არსებობს არაფერი, რაც შენ წარმოგიდგენია? თუ ფანტაზიაა, რატომ უნდა შეუშალო ხელი.

პრობლემების დროს, როდესაც შვილებზე არის პრობლემა, ხშირად ირკვევა, რომ შვილი არ არის პრობლემა, თვითონ მშობლები არიან პრობლემა. ბავშვი იდეალური მანიპულატორია. თუ დაიჭირა მომენტები, ისე ათამაშებს ამ მშობლებს, რომ თვითონაც ვერ გაიგებენ. თუ ბავშვს ნებელობითი პროცესები არ აქვს განვითარებული, ნებისყოფა არ ჰყოფნის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს გავარჯიშებადია და სამუშაოა. ორი საათი ბავშვი იჯდა და არ განძრეულა, ჩავიდა ეზოში და სუფთად ამოვიდა, მაშინ უნდა მიიყვანოთ ფსიქოლოგთან,“- მოცემულ საკითხზე ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად