ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„რამდენჯერ მინატრია, დაბრუნდეს ის ბავშვობა, რომ ჩაგეხუტო და ბოდიში მოგიხადო, რომ ამდენი რამე შემეშალა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა
ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ შვილებთან ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„არის ასეთი ტექნიკა. მე მოვდივარ თქვენთან, ჩემსას ვაღიარებ და ვამბობ მე რა შემეშალა თქვენთან ურთიერთობაში, რა მგონია, რომ არასწორად გავაკეთე. ამაზე ბოდიშს ვიხდი. ამით სხვაშიც ჩამოშლით ამპარტავნებას, ბრაზს. იმასაც აუცილებლად უჩნდება სურვილი, რომ გადმოდგას ნაბიჯი. ამ ტექნიკას ჰქვია „ასი ასზე.“ 100%-ით ავიღე პასუხისმგებლობა და თქვენც „გაიძულებთ,“ რომ აგაღებინოთ 100 %-ით. თუ მე თქვენ თითის ქნევით დაგელაპარაკებით, გამორიცხულია, თქვენც გადმოდიხართ შეტევაზე. ეს არ არის კომუნიკაცია. ეს არ არის სწორი.“
„ამას წინათ ჩემი შვილისგან ღამე მომივიდა მესიჯი: „დე, მადლობა, რა მაგრად გამზარდე.“ ისე შემრცხვა, მივწერე: „რამდენჯერ მიფიქრია და მინატრია, დაბრუნდეს ის ბავშვობა, რომ ჩაგეხუტო და ბოდიში მოგიხადო, რომ ამდენი რამე შემეშალა.“ ამას მართლა გულწრფელად ვამბობ. მე რომ ვიფიქრო: „ვაიმე, რა კარგი დედა ვარ,“ არა! ჩვენ ყველას გვეშლება და ყველას გვაქვს ჩვენი თემები მოსაგვარებელი. მე ვაღიარებ ჩემს წილს და მერე დაველოდები ის რას იზამს. მე მაქვს პროგნოზი, რომ ისიც იმავეს იზამს, ნაწილობრივ მაინც. ახალი პატერნი შემოვა ჩვენს ურთიერთობაში გულახდილობის და ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა,“- აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.