ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„გამოთქმა, რომ „ ბავშვი ქუჩამ გააფუჭა,“ მორიგი მცდარი აზრია... ის საბაზისოს ქუჩაში ვერ ისწავლის ვერასდროს,“ - ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი
ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის აღზრდაში ოჯახის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვი საბაზისო ცოდნას ოჯახში იღებს და ამ ნასწავლით გადის საზოგადოებაში:
„ბავშვი მობილიზებულია, მომართულია იმისთვის, რომ სიხარულით იარსებოს. ეს მისი ბუნების აუცილებელი ატრიბუტია. ბავშვობა გულისხმობს თავისუფლებას, სიხარულს: „რა კარგია, რომ დავიბადე.“ ბავშვს უნდა თვითნებურად აკეთოს ყველაფერი, გამოიკვლიოს, შეიცნოს სამყარო. ბავშვები უზარმაზარი გეოგრაფები არიან. მან ყველაფერი უნდა გაიგოს, აითვისოს. ის პირდაპირი იმიტაციისა და მიბაძვის ფენომენით სწავლობს ქცევას. ამ ქცევას სწავლობს მხოლოდ და მხოლოდ მშობლებისგან. ის ნასწავლით გადის უკვე საზოგადოებაში. იქ ჩაასწორებს, ჩაალამაზებს იმას, რაც ისწავლა სახლში. საბაზისოს ქუჩაში ვერ ისწავლის ვერასდროს. ამიტომ გამოთქმა, რომ „ქუჩამ გააფუჭა,“ მორიგი მცდარი აზრია. აქ სხვაზე გადადის პასუხისმგებლობა.“
„მინდა ავღნიშნო, რომ „ზრუნვის“ ფენომენი ძირითადად დაშინებაზეა აწყობილი. „გარეთ არ გახვიდე, თორემ გაცივდები,“ - რატომ გაცივდება, ამას ვერავინ ვერ ახსნის. ბავშვის ფსიქიკაში დევს სილაღის, სიამოვნების ფენომენი. არსებობს გამოთქმა: „მაგარი ეშმაკი ბავშვია.“ მაგარი ეშმაკი ბავშვი კი არ არის, ძალიან კარგი გონებრივი განვითარება აქვს. ის ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება და კარგად ლავირებს. უბრალოდ ეს უფროსებს არ მოსწონთ და ისევ ნეგატივს არქმევენ,“- აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.