Baby Bag

„ბავშვის რაციონში წითელი ხორცი აუცილებლად უნდა იყოს კვირაში 4 დღე,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„ბავშვის რაციონში წითელი ხორცი აუცილებლად უნდა იყოს კვირაში 4 დღე,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ბავშვის რაციონში ხორცისა და თევზის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და მშობლებს განუმარტა, თუ რა სიხშირით უნდა ჩართონ შვილის რაციონში წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი:

„წითელი ხორცი კვირის მანძილზე აუცილებლად უნდა იყოს 4 დღე, ფრინველის ხორცი შესაძლებელია იყოს ორი დღე, თევზი უნდა იყოს კვირაში 1 დღე. ეს შესაძლებელია შეიცვალოს ინდივიდუალურად იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს ბავშვს თითოეულ პროდუქტთან. ეს არ შეიძლება სრულად იყოს ჩანაცვლებული მცენარეული ცილებით, თუმცა ერთი დღე შესაძლებელია დავუთმოთ მცენარეულ ცილებსაც. ბავშვთა ასაკში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რკინა, B12 ვიტამინი მნიშვნელოვანია ზრდა-განვითარებისთვის, ასე ვერ ჩავანაცვლებთ მცენარეული ცილებით ცხოველურ ცილებს.

დაბადებიდან იმ ასაკამდე, სანამ ჩვენ გვისმენენ შვილები, მშობლის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, თუ რას მიირთმევს პატარა. ძალიან ხშირად ამბობენ მშობლები: „რა ვქნა? ტკბილ გაზირებულ სასმელს სვამს.“ ამ დროს ვკეითხები მშობლებს: „მუშაობს ბავშვი?“ ისინი გაკვირვებულები მიყურებენ. თუ ჩვენ არ ვუყიდით, ის არ შევა მაღაზიაში და არ მოიპარავს. აღზრდის კულტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“- მოცემულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არასდროს არ ვაჭმევ საკუთარ შვილს, როდესაც თვითონ ვარ მშიერი,“- მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

„არასდროს არ ვაჭმევ საკუთარ შვილს, როდესაც თვითონ ვარ მშიერი,“- მზიკო დალაქიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის კარგად მოვლისთვის საკუთარ თავზეც იზრუნონ:

„იმისთვის, რომ ბავშვს კარგად მოვუარო, თვითონ ჩემს თავზე აღმოვაჩინე ეს, მჭირდება, რომ მე თვითონ ვიყო იმ მომენტში კმაყოფილი. რას ვგულისხმობ ამაში? თუ ორივეს გვშია... მოგეხსენებათ, რომ ბავშვს სულ თამაში უნდა. ჩვენ ვიცით, რომ მას შია. მერე მე ვახვედრებ ხოლმე. აი, მუცელს მოვუსმინოთ, აბა რას გეუბნება? მგონი, შია. თვითონ ბავშვი ამას დიდად ვერ ხვდება.

როგორ ვიქცევი მე ყოველთვის? არასდროს არ ვაჭმევ საკუთარ შვილს, როდესაც თვითონ ვარ მშიერი, იმიტომ, რომ „დროზე“ თუ დაგემართა, ეს უკვე ძალიან ცუდია. თუ შენ ემოცია მოგდის, რომ „დროზე ჭამე! რას აკეთებ?!“ ეს ცუდია. მე მინდა, რომ ვიყო კმაყოფილი, მშვიდი. მე თვითონ არ მეჩქარებოდეს და არ ვშფოთავდე. შემდეგ ბავშვს მივუძღვნი დროს. ვაცდი მას, რომ თავისი ტემპით ჭამოს, მისი რიტმი ჰქონდეს, თავისი ხელით ჭამოს.

თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში უმნიშვნელო გაღიზიანებაზეც კი გვიწევს ტონის აწევა, მშობელმა თვითმხარდაჭერას უნდა მიმართოს. მეტი პოზიტივი შემოვიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავს, იქნება ეს გასეირნება, წიგნის წაკითხვა, გამოვყოთ სივრცე,“ - მოცემულ საკითხზე მზიკო დალაქიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად