Baby Bag

თუ ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნება არ სურს

თუ ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნება არ სურს
კვების რაციონში სიახლის შეტანას ბავშვი ყოველთვის აღფრთოვანებით არ ​ხვდება. ასეთ შემთხვევაში მშობელი იძულებული ხდება ბავშვის დასაყოლიებლად სხვა და სხვა გზას მიმართოს: ზოგიერთი მათგანი შვილის დათანხმებას სასიამოვნო დაპირებებით ცდილობს, ზოგი მკაცრად მოითხოვს ბავშვისგან ახალი კერძის დაგემოვნებას, ზოგი კი შვილს საყვარელი ტკბილეულით უმასპინძლდება, რათა მისი „მოსყიდვა“ შეძლოს. ჩვენს სტატიაში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საინტერესო და სასარგებლო სტრატეგიებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნების სურვილს ზედმეტი საყვედურისა თუ დაყვავების გარეშე გაუჩენთ.

ახალი კერძი მაგიდის შუაგულში განათავსეთ, რათა მისი მირთმევა ყველამ შეძლოს

ახალი კერძი მხოლოდ ბავშვისთვის არ მოამზადოთ. ასე თქვენი შვილი ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლდება და იგრძნობს, რომ მისგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას არავინ ელის. ის თავს გაცილებით თავისუფლად იგრძნობს, რადგან მიხვდება, რომ კერძი, რომელიც მაგიდის შუაგულში დევს მხოლოდ მისთვის არ არის განკუთვნილი. როდესაც ბავშვი იგრძნობს, რომ ახალი კერძის მირთმევას მას არავინ აიძულებს, ის უფრო მშვიდად და ინტერესიანად დააკვირდება უცნობ საკვებს. მას აუცილებლად გაუჩნდება სურვილი ახალი კერძი დააგემოვნოს.

წინააღმდეგობებისთვის მზად უნდა იყოთ

თუ ბავშვი ახალი კერძის გასინჯვას გადაწყვეტს, ის მხოლოდ მცირე ულუფას დააგემოვნებს, რათა მისთვის უცნობი საკვების შესახებ მეტი გაიგოს. ნუ გექნებათ არარეალური მოლოდინები. შესაძლოა, ბავშვი თავდაპირველად მცირედით დაკმაყოფილდეს და ულუფის დამატება აღარ მოგთხოვოთ. კერძის პირველი დაგემოვნებისას, როგორც წესი, ბავშვები მხოლოდ ერთ კოვზ სოუსს ან ქათმის ხორცის მომცრო ნაჭერს სინჯავენ. ამაში საგანგაშო არაფერია. კვების პროცესისგან სიამოვნების მიღება დროში გაწელილი პროცესია. ბავშვს დრო სჭირდება, რათა ახალი კერძი შეიყვაროს და ის საკუთარი რაციონის განუყოფელ ნაწილად აქციოს.

ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს, თუ საკვების მიღება არ სურს

ახალი საკვების დაგემოვნებისას ბავშვს, შესაძლოა, ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს. თუ ბავშვს კერძი არ მოეწონა, შეიძლება მისგან გათავისუფლება ნებისმიერი გზით სცადოს, რადგან, სავარაუდოდ, საკვების დაღეჭვას და გადაყლაპვას ვერ შეძლებს. ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის ყოველთვის თან იქონიოს ხელსახოცი, რომლის დახმარებითაც კერძისგან პირის გათავისუფლებას მარტივად შეძლებს, თან ისე, რომ მისი ქმედება სხვებისთვის გამაღიზიანებელი ან შემაწუხებელი არ იქნება. როდესაც ბავშვი მსგავს ვითარებაში სწორად მოქცევას ისწავლის, ის გაცილებით თავდაჯერებული გახდება და ახალი კერძის დაგემოვნებას, როგორც სახლში, ასევე მის გარეთაც, ნაკლებად შეუშინდება.

ბავშვს ახალი კერძის შესახებ მშრალი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ

ბავშვთან ახალი კერძის შესახებ ზედმეტად ბევრს ნუ ისაუბრებთ, ნურც მისი ღირსებების გამოკვეთას ეცდებით. თუ ბავშვს ქათმის ბულიონს ასინჯებთ, უთხარით, რომ ამ კერძის მოსამზადებლად ქათმის ხორცი და სანელებლები გამოიყენეთ. მსგავსი ტიპის განმარტება ბავშვისთვის სავსებით საკმარისია. ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ მას პროტეინების მიღება ესაჭიროება და რომ ქათამი მისთვის ძალიან სასარგებლოა. ბავშვს ნურც თქვენს შრომას და გარჯას დააყვედრით, ნუ აიძულებთ მას ახალი კერძი თქვენი ხათრით მიირთვას. მსგავსი დამოკიდებულება მას მხოლოდ ეჭვებს უჩენს და კვების პროცესისადმი ნეგატიურად განაწყობს.

ბავშვს ძველი და ახალი კერძი ერთდროულად მიართვით

მცირეწლოვან ბავშვებს ან ძალიან ემოციურ მოზრდილებს ახალი კერძის დაგემოვნება ურთულდებათ, რადგან ისინი სხვა და სხვა არომატისა თუ გემოსადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათ უჭირთ თავიანთ თეფშზე ახალი საკვების დანახვასთან შეგუება. თუ გსურთ თქვენი შვილი ახალმა კერძმა არ დააფრთხოს, კვების დაწყებამდე მისთვის საყვარელი საკვები თეფშით მიართვით, ხოლო ახალი კერძი ძველთან ახლოს დადგით მაგიდაზე. ბავშვი თავად გადაწყვეტს უნდა თუ არა მისი დაგემოვნება. არჩევანის შესაძლებლობა მას ახალი კერძისადმი გაცილებით დადებითად განაწყობს.

ზრდასრულ ადამიანებს კვების პროცესის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ. ისინი კარგად ხვდებიან, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ ახალი კერძის დაგემოვნებისას, რადგან მასში შემავალ ინგრედიენტებს კარგად იცნობენ, ან მათ შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაინც აქვთ. ბავშვებისთვის კი ბევრი რამ აბსოლუტურად ამოუცნობი და ბუნდოვანია. ისინი ნებისმიერ სიახლეს ეჭვის თვალით უყურებენ. შეუქმენით მათ მაქსიმალურად მეგობრული და კომფორტული გარემო, რათა ახალი კერძის დაგემოვნებისას თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. ჯანსაღი მიდგომებითა და სწორი დამოკიდებულებით ბავშვის კვების რაციონის გამრავალფეროვნებას ძალიან მარტივად შეძლებთ.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

11 ჯადოსნური ფრაზა, რომლის გაგონება ყველა ბავშვს სჭირდება

11 ჯადოსნური ფრაზა, რომლის გაგონება ყველა ბავშვს სჭირდება

ჩვენი შვილებისთვის უამრავი თბილი და კარგი სიტყვის თქმა შეგვიძლია. მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ბავშვს ძალიან ეხმარება გახდეს უფრო ჭკვიანი, ძლიერი, გულისხმიერი და კეთილი ადამიანი. ჩვენს სტატიაში თერთმეტ ჯადოსნურ ფრაზას გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით შვილებს უკეთეს პიროვნებებად ჩამოყალიბებაში შეუწყობთ ხელს.

1. „მე ყველანაირი მიყვარხარ!“

ბავშვები ნეგატიური ქცევებით ხშირად გვამოწმებენ. მათ აინტერესებთ, ცუდი ქცევის დროს იგრძნობენ თუ არა მშობლებისგან სიყვარულს. ბავშვს ყოველთვის უნდა უთხრათ შემდეგი სიტყვები: „მე ყველანაირი მიყვარხარ, ბედნიერი ვარ, რომ შენ მყავხარ. მთელი მსოფლიოს ბავშვებს შორის არჩევანის გაკეთება რომ მომიხდეს, აუცილებლად შენ აგირჩევდი!“ ამ გზით თქვენ ბავშვს ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში დაეხმარებით.

2. „მიყვარხარ“

ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ეს ჯადოსნური სიტყვა აუცილებელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენი სიტყვა საქმით გაამყაროთ: გაატარეთ ბავშვთან ერთად ბევრი დრო, იცინეთ და ირბინეთ მასთან ერთად, ხშირად ჩაეხუტეთ ბავშვს, მოუსმინეთ მის პრობლემებს, იყავით მის გვერდით, როდესაც მას სჭირდებით.

3. „დღეს უკეთესად გამოგდის!“

„შენი საწოლი როგორი მოწესრიგებულია, ოთახი რა კარგად დაგილაგებია!“ ბავშვს მსგავსი ფრაზების მოსმენა ძალიან სჭირდება. ამ დროს ის გრძნობს, რომ თქვენ მისი გჯერათ და მასზე იმედებს ამყარებთ. ბავშვი ხედავს, რომ მისი მონდომება ფასდება. პოზიტიური ფრაზები და დამოკიდებულება ბავშვს კარგი ქცევის გამეორებისკენ უბიძგებს.

4. „ბოდიშს გიხდი, რომ დაგიყვირე“

ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომებს ხშირად ვუშვებთ. მთავარია, რომ ბავშვთან დაშვებული შეცდომის აღიარება შეგვეძლოს. ამ გზით ჩვენ შვილებისადმი პატივისცემას გამოვხატავთ. ბავშვი მშობლისგან სწავლობს აღიარებას. ის ხვდება, რომ ადამიანმა დანაშაულზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ბოდიში მოიხადოს.

5. „ძალიან ვწუხვარ, რომ სათამაშო დაკარგე“

როდესაც ბავშვის ნეგატიურ ემოციებს ზღუდავთ, მას ნევროზისა და ფსიქოსომატური დარღვევების განვითარებისკენ უბიძგებთ. ბავშვს უფლება აქვს გაბრაზებული იყოს. მას შეუძლია იტიროს დაკარგული სათამაშოს გამო. ნეგატიური გრძნობების გამოხატვის შეზღუდვა ბავშვის პიროვნების უარყოფაა. თქვენ მას შესაძლებლობას არ აძლევთ იყოს ბუნებრივი და სპონტანური. მშობლის ვალია ასწავლოს ბავშვს, როგორ გამოხატოს ნეგატიური ემოციები სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

6. „მე შენი მჯერა!“

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლებელია ადამიანი იყოს უშიშარი. ყველას რაღაცის ეშინია. სიმამაცე შიშის გადალახვას და მოქმედების დაწყებას გულისხმობს. თუ ბავშვს რამის ეშინია, აგრძნობინეთ, რომ მისი გჯერათ. თქვენს შვილს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეთ და მოუყევით, როგორ შეძელით შიშის გადალახვა.

7. „დღეს რა გინდა, რომ გავაკეთოთ?“

ბავშვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას თუ მისცემთ, ის საკუთარი სურვილების მიხედვით მოქმედებას ისწავლის და სხვების ახირებებს ნაკლებად დაემორჩილება. როდესაც მშობლები ყველაფერს ბავშვების ნაცვლად წყვეტენ, მათი შვილები პასიურ, მარტივად მანიპულირებად და სხვებზე დამოკიდებულ ადამიანებად ყალიბდებიან. როდესაც ბავშვის სურვილებით არ ინტერესდებით, გირჩევთ, მომავალზე დაფიქრდეთ. გსურთ, რომ თქვენი შვილი ოცი წლის შემდეგ არათავდაჯერებული და მორჩილი ადამიანი იყოს?

8. „გახსოვს, რა კარგად გამოგივიდა?“

ბავშვს მისი წარმატებები ხშირად უნდა გაახსენოთ. ამ გზით თქვენ მას საკუთარი თავის რწმენას უძლიერებთ. ბავშვი რწმუნდება, რომ მას მეტის მიღწევა შეუძლია.

9. „კიდევ ვცადოთ!“

ბავშვის წარუმატებლობას ყოველთვის ნუგეშით უნდა უპასუხოთ. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ დანებება არ შეიძლება. „კიდევ ვცადოთ, მე დარწმუნებული ვარ შენში, თავიდანვე ყველაფერი კარგად არავის გამოსდის!“ - ეს ის ფრაზებია, რომლებიც ბავშვს მარცხის შემდეგ უნდა უთხრათ. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატებული ადამიანებიც ხშირად მარცხდებიან. შეცდომების დაშვება მისთვის მოტივატორი უნდა იყოს. ამასთან, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენ ის ძალიან გიყვართ და მისი წარუმატებლობა თქვენს გრძნობებზე გავლენას არ ახდენს.

10. „როგორ გრძნობ თავს?“

„როგორ გრძნობ თავს? როგორი დღე გქონდა?“ მსგავსი კითხვები მშობელსა და შვილს შორის ემოციურ კავშირს ამყარებს. ბავშვი საკუთარი გრძნობების და განცდების გაანალიზებას სწავლობს.

11. „ყოჩაღ, შენ ამას დამოუკიდებლად ახერხებ!“

როდესაც მშობლები მრავლობით პირში საუბრობენ და ამბობენ: „ჩვენ ბაღში მივდივართ, ჩვენ მივირთმევთ,“ ისინი შვილთან ძლიერ კავშირს უსვამენ ხაზს. გარკვეულ ეტაპამდე მსგავსი დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ მშობელმა ბავშვის დამოუკიდებლობაც წაახალისოს. მან ბავშვს ხშირად უნდა მიმართოს, როგორც დამოუკიდებელ ინდივიდს. ეს ბავშვს თავდაჯერებულობას და სიმტკიცეს შესძენს.

მომზადებულია : ​brightside.me -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად