Baby Bag

რომელი თვიდან შევთავზოთ ბავშვს ალუბალი და რასთან ერთად მივცეთ?

რომელი თვიდან შევთავზოთ ბავშვს ალუბალი და რასთან ერთად მივცეთ?

რომელი თვიდან შევთავზოთ ბავშვს ალუბალი და რასთან ერთად მივცეთ? - ამ თემებზე პედიატრი ​თამარ ობგაიძე საკუთარ ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ალუბალი - არომატული და სასარგებლო საზაფხულო ხილი, რომლის სამშობლო სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ჩინეთი, კავკასია და ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორია უნდა იყოს. უძველესი ხილია. ძველი ბერძენი მეცნიერის, თეოფრასტეს შრომებში გვხვდება პირველად და ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში იყო. ძველმა რომაელებმა კი ჩვენს წ. აღ-მდე პირველ საუკუნეში გაიცნეს და შეიყვარეს ალუბალი.

ვიტამინების, მინერალების, ანტიქოსიდანტების და საკვები ბოჭკოების წყარო:

  • ბეტა-კაროტინი - ნივთიერება, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, თვალის, ტვინის ფუნქციონირებაზე ზემოქმედებს, ალუბალში ისევე ბევრია, როგორც მოცვში.
  • შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების სრულ კომპლექსს, მათ შორის ფოლიუმის მჟავას, რაც აუცილებელია სისხლწარმოქნისათვის.
  • წარმოადგენს C ვიტამინის წყაროს.

ახლა მინერალებს მივყვეთ:

  • კალციუმი და ფოსფორი პატარას ძვლებისა და კბილების განვითარებისათვის
  • რკინა - რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათვის
  • ზრდა-განვითარების, ფერმენტული რეაქციების სრულყოფილად წარმართვისათვის, იმუნიტეტის ფორმირებისათვის ასე აუცილებელი სპილენძი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია
  • გულ-სისხლძაღვთა სისტემის ფუნქიცონირებისათვის სასარგებლო კალიუმი
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იოდი
  • კბილების და ძვლების ჯანმრთელობისათვის საჭირო ფტორი
  • საკვები ბოჭკოები ნაწლავთა მოქმედების, სასარგებლო ბაქტერიების ზრდისათვის
  • სიმსივნის საწინააღდმეგო მოქმედების ფლავონოიდები
  • ანთოციანინები ანთები საწინააღმდეგო ეფექტით
  • ზაფხულში ორგანიზმის რეჰიდრატაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წყალი, რომელიც ალუბლის შემადგენლობის 82%-ია.

ალუბალი პატარას მშვიდი ძილისა და კარგი განწყობისათვის

იცოდით, რომ ალუბალი მცირე რაოდენოიბით მელატონინსაც შეიცავს? მელატონინი ძილის ჰორმონია, რომელიც ჩვენს ორგანიზმში დაბინდების შემდეგ წარმოიქმნება და ძილის ფაზების ნორმალურ მიმდინარეობას უწყობს ხელს. ალუბლის შემადგენლობაშია სეროტონინიც, რომელიც ჩვენს კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი.

არის თუ არა ალერგიული ხილი?

ზოგადად, ალერგიული არ არის, თუმცა არსებობს ინდივიდუალური აუტანლობა და ასეთ შემთხვევაში მისი გამოყნება არ შეიძლება.

როდის, როგორ, რასთან ერთად?

თუ თქვენი პატარა 7-8 თვისაა, მოიძიეთ წითელი, დაუზიანებელი მოტკბო ალუბლის ნაყოფი, გარეცხეთ კარგად, გამოაცალეთ კურკა და მოაცილეთ კანი. დააბლენდერეთ.
დასაწყისისათვის მიეცით 2-3 წვეთი, შემდეგ დღეს- ½ ჩაის კოვზი გასინჯეთ, მე-3 დღეს 1 ჩაის კოვზი შესთავაზეთ. თუ შეგუების პროცესმა წარმატებით ჩაიარა, შეგიძლიათ, 2-3 კოვზი დაბლენდერებული ალუბალი მიართვათ. წლის ასაკიდან კი უფრო მეტიც. თუმცა გაითვალისწინეთ, ალუბალი მომჟავო არომატის ხილია და პატარას რომ მოაწონოთ, გირჩევთ, ის რომელიმე სხვა პროდუქტს შეურიოთ.
ალუბალთან „მეგობრობენ:“ ბანანი, ქლიავი, ვაშლი, ატამი, გარგარი.
გემრიელია ნადუღთან, ხაჭოსთან, იოგურტთან, შვრიის ან ბრინჯის ფაფასთან,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

ორგანიზმში D ვიტამინის დიდი ნაწილი კანზე მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება

ორგანიზმში D ვიტამინის დიდი ნაწილი კანზე მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება

რა კავშირია D ვიტამინსა და იმუნურ სისტემას შორის, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„მის შესახებ წინა საუკუნეში რომ დაგესვათ კითხვა ექიმებისათვის, გიპასუხებდნენ, რომ ეს ნივთიერება ცხიმში ხსნადი ვიტამინია და ის ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლას არეგულირებს, მისი დეფიციტის დროს კი რაქიტი და ოსტეოპოროზი ვითარდება. მაგრამ რეალურად ის ჰორმონია. თუმცა კლასიფიკაციის მიხედვით დღესაც ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება.

დიახ, D ვიტამინი, ჯადოსნური D ჰორმონი. და იცით, რატომ ჰორმონი?

  • იმიტომ, რომ სხვა ვიტამინებისაგან განსხვავებით, მისი მხოლოდ მცირე ნაწილის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად. უდიდესი ნაწილი კი მზის სხივების კანზე ზემოქმედების გზით მიიღება, შემდეგ კი ღვიძლსა და თირკმლებში ციკლს გადის და ამ გარდაქმნების შედეგად ვიღებთ ბიოაქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ჩვენს ორგანიზმში სასწაულების მოხდენა შეუძლია.
  • სხვა ვიტამინებისაგან იმითაც განსხვავდება, რომ ყველა ორგანოსა და ქსოვილში საკუთარი რეცეპტორები აქვს და ამიტომაც ზემოქმედებს ის პრაქტიკულად ყველა ორგანოზე.

თუ გახსოვთ, D ვიტამინის თემას ორი თუ სამი ბლოგი უკვე მივუძღვენი. დღეს იმუნურ სისტემაზე მის ზეგავლენაზე გიამბობთ. არა, იმას თუ ელოდებით, რომ D ვიტამინი პირდაპირ კავირშია კორონავირუსის ან სხვა ავი ვირუსების განადგურებასთან, უნდა გაგაწბილოთ. სამწუხაროდ, მას არ აქვს ანტივირუსული ზემოქმედება.

რას ამბობენ კვლევები?

დადგენილია, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც D ვიტამინის დონე სისხლში დაბალი აქვთ, გაცილებით მაღალი აქვთ სეზონური გრიპით და სხვა რესპირაცილი ინფექციებით ავადობის რისკი. D ვიტამინის საჭირო დოზის დამატებისას კი ეს რისკი მკვთრად მცირდება. მისი ერთ-ერთი ფუნქცია იმ T-ლიმფოციტების აქტივაციაა, რომლებიც ვირუსებსა და ბაქტერიების ანადგურებენ. გარდა ამისა, D ვიტამინის გავლენით ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება შინაგანი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული დაცვის ფაქტორები - დეფენსინები და კათელიციდინი, რომლებიც აქტიურად ებრძვიან და ანადგურებენ დაავადების გამომწვევ ვირუსებსა და ბაქტერიებს. და კიდევ, აღმოჩნდა, რომ D ვიტამინი ამცირებს იმუნური სისტემის ჰიპერაქტივობას და თავიდან გვაცილებს „ციტოკინურ შტორმს“, რაც ფილტვების დაზიანების და სიკვდილის მიზეზი ხდება ზოგიერთი ინფექციის, მათ შორის COVID-19 -ის დროს.

სულ ახლახან მკვლევარებმა (Vadim Backman და თანაავტორები) ჩიკაგოს ჩდრილოდასავლეთის უნივერსიტეტიდან, შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყანაში (ჩინეთი, საფრანგეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო) კლინიკების მონაცემები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტებს, სისხლში D ვიტამინის დაბალი დონე აღენიშნებოდათ, სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ.

ასე, რომ სანამ კარანტინი ჯერ კიდევ ძალაშია, გახსოვდეთ ეს მაგიური ვიტამინი. მისი მნიშვნელოვანი საკვები წყარო თევზი, რძე და მისი პროდუქტები, კვერცხია, თუმცა ორგანიზმში D ვიტამინის დიდი ნაწილი კანზე მზის სხივების ზემოქმედებებით წარმოიქნება. და არ დივიწყოთ თქვენი ექიმის დანიშნულებით D ვიტამინის დანამატის მიღება.

წაიკითხეთ სრულად