Baby Bag

„ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

„ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მშობლები ბავშვების კვების დროს ხშირად უშვებენ. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ოჯახის წევრებისგან განცალკევებით კვება ხშირად მას საკვებისადმი ნეგატიურად განაწყობს:

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ბავშვისთვის საჭმელი კეთდება ცალკე. ბავშვი კვების დროს გამოცალკევებულია. ჯერ ბავშვს უნდა ვაჭამო და მერე უცებ მე უნდა შევჭამო. თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენც მიირთმევთ იმ საკვებს, რომელსაც მას სთავაზობთ, ის უფრო განწყობილია, რომ ეს კარგია, სასარგებლოა და საჭიროა. ის წაბაძვით მაინც მიიღებს ამ საკვებს. კარგია, თუ ბავშვს ვასადილებთ ჩვენთან ერთად. ​რაც შეეხება ხილს და წახემსებებს, ამას შეიძლება ნაწილობრივ თამაშის სახე მივცეთ. კვებებს შორის ვითომ პიკნიკი მოვაწყოთ სადმე თოჯინების და ოჯახის წევრების მონაწილეობით.“

თამარ ედიბერიძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს კვების რეჟიმი მაქსიმალურად მოუწესრიგონ:

„მაქსიმალურად რეგულარული ჭამის რეჟიმი უნდა გვქონდეს. ერთსა და იმავე დროს ვაჭამოთ ბავშვს. ​ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო. ვიღაცას შეიძლება ჭრელი სალათი მოეწონოს, მაგრამ ვიღაც ამით დაფრთხეს. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ერთკომპონენტიანი, ორკომპონენტიანი კერძებით დავიწყოთ და თანდათან შევამატოთ სხვადასხვა გემო.“

„ჩვენ გვაქვს ხოლმე მეორე შეცდომა. თუ ბავშვს არასასურველ საკვებს პირდაპირ მისცემთ მთლიან თეფშს, ბავშვი გადაირევა. მან იცის, რომ ერთ ლუკმას ძლივს ყლაპავს და იქ არის ასი ლუკმა. შეიძინეთ ახალი ჭურჭელი, ერთი კოვზი დათუნიას ვაჭამოთ, ერთი ბავშვს. დაიწყეთ ძალიან ცოტა ულუფებით. ეშმაკურად შეიძლება თითო-თითო კოვზის მიმატება. ​ამას უნდა მოთმინება, გაძლება და პრინციპულობა. ნერვიულობას და ტირილს ამ დროს სჯობს, რომ რაღაც სტიმული მივცეთ ბავშვებს. არა ის, რომ პანიკა ავტეხოთ და შევქმნათ პრობლემა, რომ უჭმელია, წახალისების პრინციპი შეიძლება შევქმნათ. ყველა ლუკმა შეიძლება იყოს თითო ვარსკვლავი, როდესაც ვარკვლავების რაღაც რაოდენობა დაგროვდება, მივდივართ ზოოპარკში. სამი წლის ასაკიდან ეს უკვე შეიძლება,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS-ზე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

„ზოგიერთი მშობელი ამბობს: „არც მე მიყვარდა წვნიანი და რა მოხდა?!“ არ არის ეს სწორი მიდგომა...
​ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ბავშვის ტვინის ჯანსაღი განვითარებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დედამ ორსულობის პერიოდიდან უნდა დაიწყოს:„ჩვენი...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მივაჩვიოთ უჭმელი ბავშვი ჭამას ძალდატანების გარეშე და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული უმადობა? - ექიმის რეკომენდაციები უჭმელი ბავშვების დედებს

როგორ მივაჩვიოთ უჭმელი ბავშვი ჭამას ძალდატანების გარეშე და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული უმადობა? - ექიმის რეკომენდაციები უჭმელი ბავშვების დედებს
როგორ მივაჩვიოთ უჭმელი ბავშვი ჭამას ძალდატანების გარეშე და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული უმადობა? - აღნიშნულ თემებზე​ Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა. 

„საკვები არის სიყვარულისა და მზრუნველობის ერთ-ერთი უძველესი გამოვლინება სამყაროში, სადაც ჩვილი იკვებება დედის ძუძუთი, მათ შორის წარმოქმნილი ურთიერთობა, სცილდება მარტივ კვებით მოთხოვნილებებს. დედა–შვილს შორის წარმოიქმნება ნდობა, სითბო, მგრძნობიარე და ემოციური კავშირი. ძუძუთი კვების დროს, შიმშილთან ერთად იხსნება წარმოქმნილი დაძაბულობა. საკვები, შიმშილის გრძნობის და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად, ჩვილს სიამოვნებასაც ანიჭებს. პირველ პერიოდში წარმოქმნილი კვებითი და ემოციური ურთიერთობები, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა სახით გამოვლინდება,“ - აღნიშნა ექიმმა ნანა საპანაძემ. 

- ქალბატონო ნანა, რომ განვმარტოთ რა იწვევს უმადობას? 

- ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, როდესაც იგი დაკავებულია - თამაშობს, უყურებს მულტფილმს, ახალი გაღვიძებულია და ვერ მოასწრო მოშიება, ძალიან აღგზნებულია იმისთვის, რო დაჯდეს და მშვიდად მიიღოს საკვები.

როდესაც კვებათაშორისი წახემსება არარაციოლნალურია, ბავშვი ამ დროს ჯანსაღი წასახემსებელი პროდუქტების (ხილი, ბოსტნეული) ნაცვლად ღებულობს რთულად მოსანელებელ და ზედმეტად კალორიულ საკვებს, (ნამცხვარი, შოკოლადი, სწრაფი კვების პროდუქტები).

ბავშვი არ ჭამს ავადმყოფობის დროს. როდესაც ორგანიზმი ებრძვის ვირუსს ან ინფექციას, მადის დაქვეითება ამ დროს ხშირია, მშობლის ყურადღება გამახვილებული უნდა იქნას ბავშვის ორგანიზმის სითხეებით უზრუნველყოფაზე და არა მისი ძალით კვებაზე. ​უნდა შევთავაზოთ ადვილად მოსანელებელი, ბევრი სითხის შემცველი და ვიტამინებით მდიდარი საკვები.

ბავშვს შერჩევითი მადა აქვს. განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წელს. ეს ძირითადად ასახავს გარკვეულ პროდუქტებზე ორგანიზმის მოთხოვნილებას, მაგალითად 6–დან 10 თვემდე ზოგი ბავშვი უარს ამბობს ბოსტნეულის კერძებზე და უკეთესად მიირთმევს ტკბილ ფაფებს, რძის პროდუქტებს. ამ პერიოდში ეს ნორმალურია, თუმცა შემდგომ პერიოდში შერჩევითი მადა შეიძლება უკვე ჩამოყალიბებული ჩვევის შედეგი იყოს და რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, მით უფრო გაღრმავდება ეს ჩვევა. მაგალითად, პატარას დედა სთავაზობს წვნიანს, ის კი ჯიუტად ითხოვს შემწვარ კარტოფილს. თუ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვი ტირილის, ჩხუბის შედეგად მიიღებს შემწვარ კარტოფილს, შემდეგში აღარასოდეს არ შეჭამს წვნიანს და ყოველთვის ეცდება მისთვის ხელმისაწვდომად „დაშანტაჟების“ გზით (ამას არ შევჭამ, თუ იმას არ მაჭმევთ, არაფერი არ მინდა) გულაჩუყებული დედებისა და ბებიებისგან მიიღოს ის, რაც მას სურს.

ბავშვი არ იღებს საკვებს იმიტომ, რომ არასათანადოდ ხარჯავს ენერგიას, თბილად აცვია, ან ზედმეტად თბილ შენობაშია ან ზრდის ჰორმონის სეკრეცია აქტიურ სტადიაში არ არის და სიმაღლის მატება შეჩერებულია. 

ზოგჯერ ბავშვს უბრალოდ არ მოსწონს საჭმლის იერსახე (ცნობილია, რომ რაც უფრო ლამაზად გამოიყურება კერძი, მით უფრო მიმზიდველია). მისთვის ზედმეტად მარილიანია, ცხარე ან ცხიმიანია, უბრალოდ ზედმეტად ცხელი ან ცივია. ბავშვებს ერთფეროვანი კვებაც მალე ბეზრდებათ, ზოგიერთ მათგანს კი აქვს ნეოფობია – ახალი, უცნობი საკვების გასინჯვის შიში. (როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა არ სურს?)

უმადობის მიზეზად შესაძლოა იქცეს სტრესი – ოჯახის წევრის დაკარგვა, საყვარელი ცხოველის სიკვდილი, შიში. მშობლები ხშირად მეტისმეტად ბევრს ელიან შვილისგან; ბავშვს ეშინია, იმედი არ გაუცრუოს საყვარელ ადამიანებს.

- როგორ უნდა მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში მშობელი?

- ორგანიზმი ჯანსაღი საკვების მცირე ულუფასაც კი სრულფასოვნად ითვისებს. ნუ შეავსებთ თეფშს ,,ნორმირებული” საკვებით. მოთხოვნილება საკვებზე ინდივიდუალურია, ისევე როგორც ძილი. თუ ბავშვი ენერგიულია, ხალისიანი, კარგად სძინავს, წონაში არ იკლებს, სიგრძეში მატულობს, მისთვის მიღებული საკვების ულუფა, რაოდენ მცირედაც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენი გადასახედიდან, სავსებით საკმარისია.

ნუ შექმნით ოჯახში დაძაბულ სიტუაციას ბავშვის უმადობის გამო. 

არ კვებოთ ბავშვი ძალით, ეს უარყოფით ემოციასა და შესაბამისად, მადის დაქვეითებას იწვევს. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ, დაძლიოთ ბავშვის წინააღმდეგობა სადამსჯელო სანქციებით - დამუქრების საშუალებით. ჭამის დროს ბავშვი მოარიდეთ უარყოფით ემოციებს, არაფერზე უსაყვედუროთ, არ ეჩხუბოთ.

ნუ დაპირდებით ბავშვს რაიმე საჩუქარს, თუ ის ულუფას ბოლომდე შეჭამს.

ნუ გადააქცევთ კვების პროცესს თამაშად (მაგ. კოვზი მანქანაა, პირი ავტოსადგომი, ან რაიმე მსგავსი შედარება). არ გაართოთ ბავშვი, არ არის მართებული. მშობლები ამ მიზეზების გამო - „ჭამს ძალიან ცუდად“, „თუ არ გაართე, არ შეჭამს“, თავიანთ პატარებს კვების პროცესში ან ტელევიზორთან სვამენ, ან მობილურ ტელეფონში ურთავენ ნახატ ფილმებს და ასე აჭმევენ. ეს ძალიან გავრცელებული, თითქოს და უწყინარი პრაქტიკა, საბოლოო ჯამში კვებითი არეულობების ერთ-ერთ ფორმას, შეუმჩნეველ კვებას უყრის საფუძველს. ასეთი სახით კვების დროს ბავშვი ჭამის პროცესში დაკავებულია სხვა რამით. ამ სიტუაციაში კი მიღებული საჭმლის რაოდენობა ხდება შეუმჩნეველი და შემდგომში ტელევიზორის ყურებისას, ან რაიმე საქმიანობისას შესაძლებელია ბავშვს, მოზარდს, გაუჩნდეს სურვილი მიიღოს რაიმე საკვები. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენს ან რას შეჭამს, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად რაიმე გარკვეული საქმიანობის დროს ჩნდება კვების სურვილი, ეს კი კვებისკენ მიდრეკილებას იწვევს და საბოლოოდ, ეს პროცესი სრულდება წონის მომატებით.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახედოთ ბავშვის კვების რეჟიმს. რამდენად ხშირად იღებს იგი კვებათა შორის „სასუსნავებს“ - ორცხობილების, შოკოლადის სახით, ცომეული ე.წ. მარილიანი ჩხირები, კრეკერები, თხილი, მიწის თხილი. ეს თითქოს უწყინარი ჩვევა ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ხელს უწყობს უმადობას.

ხანგრძლივი სეირნობისა და მოძრავი, ხმაურიანი თამაშის შემდეგ ჭამამდე მიზანშეწონილია მცირე პაუზა, დაასვენეთ ბავშვი ცოტა ხანს და შემდეგ შეუდექით კვებას.

ეცადეთ, კერძი მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

კვების რეჟიმი ისე შეადგინეთ, რომ ბავშვს მაშინ უწევდეს ჭამა, როცა მშიერია. წაახალისეთ, როცა არჩევანს ჯანსაღ საკვებზე შეაჩერებს.

მიეცით ბავშვს დამოუკიდებლად ჭამის საშუალება. 1 წლის ასაკიდან ბავშვები ცდილობენ თავად დაიჭირონ კოვზი და ჭიქა და ჭამონ დამოუკიდებლად. ამ ჩვევას წახალისება სჭირდება, ზოგიერთი დედა თვლის, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვი დარჩება მშიერი. ასე ნამდვილად არ იქნება, თუ თქვენ სწორად გააკონტროლებთ ჭამის პროცესს, ანუ როდესაც თქვენ აჭმევთ და პატარა იჩენს სურვილს იკვებოს დამოუკიდებლად, მასაც მიეცით კოვზი, დაე, მანაც ჭამოს და ასე, ერთობლივი ძალებით, ყოველგვარი სხვა გართობისა და ყურადღების გაფანტვის გარეშე თქვენ გაუმკლავდებით კვების პროცესს. თავდაპირველად პატარა შეიძლება მოითხუპნოს, კვების პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ თუ ამ პერიოდში მოთმინება გვეყოფა, პატარა ისწავლის დამოუკიდებლად კვებას, ამ პროცესში მისი ყურადღება მიმართული იქნება უშუალოდ კვების პროცესისკენ და არა დამატებითი გართობისკენ. გახსოვდეთ, ყველა ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია. ნუ იდარდებთ, რომ თუ თქვენს ბავშვს უფრო ნაკლები ლოყები აქვს, ვიდრე მეზობლისას, მთავარია, ის ასაკობრივი ნორმის ფარგლებში იმატებდეს. ისიც ბუნებრივია, რომ ხანდახან ბავშვები მადას კარგავენ.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

- უმადობის ეპიზოდები, როგორც წესი, არ არის საშიში, ოღონდ თუ უმადობა გახანგრძლივდა ან წონის კლება დაერთო, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

როდესაც უმადობის მიზეზი პათოლოგიური პროცესია, მაგალითად,  მწვავე ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული), ჰელმინთოზი, ანემია, მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია. ცენტრალური ნერვული სისტემა შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებათა მთავარი მარეგულირებელია, მონაწილეობს გასტრონომიული გემოვნების ჩამოყალიბებაში, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მონელებისთვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფას. როცა მისი ფუნქცია დარღვეულია, ბავშვი მადას კარგავს. უმადობას ასევე იწვევს ჰელმინთოზი, ანემია, ყაბზობა, ენდოკრინული და ნევროლოგიური დაავადებები. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა, რათა უმადობის ობიექტური მიზეზი აღმოიფხრას.

თუ პათოლოგია გამორიცხულია, მაგრამ ბავშვს, მიუხედავად მცდელობისა, მადა ვერ დავუბრუნეთ, შეგვიძლია, მადის სტიმულატორები გამოვიყენოთ. ასეთი პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ თვითნებურად მაინც ნუ მისცემთ ბავშვს, უმჯობესია, მედიკამენტები ექიმთან შეთანხმებით მისცეთ. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური


წაიკითხეთ სრულად