„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
პედაგოგები მუსიკის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ
პედაგოგები მუსიკის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არაპროგრამული საკითხების გამო დავობენ. მათ MomsEdu.ge-ს ტექსტი გამოუგზავნეს, სადაც დეტალურადაა ახსნილი, რას აპროტესტებენ. გთავაზობთ მუსიკის პედაგოგთა განცხადებას:
„მოგახსენებთ, რომ 22 ივლისს ჩატარდა მუსიკის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. ჩვენ, აპლიკანტები, გამოცდისათვის შესაბამისი პროგრამით მოვემზადეთ, რომელიც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერაა შედგენილი. გამოცდაზე პედაგოგებმა აღმოვაჩინეთ და შემდეგ, ერთმანეთთან გასაუბრების მერე დავასკვენით, რომ საგამოცდო ტესტში ნამდვილად იყო შესული არაპროგრამული საკითხები:
1. არჩილ კერესელიძე (1 ქულა)
2. მუსიკა კინოფილმიდან „სხვისი შვილები“ (1 ქულა)
3. ანდრია ბალანჩივაძე, „რიწის ტბა“ (1 ქულა)
4. რევაზ ლაღიძე, „რონდო-ტოკატა“ (1 ქულა)
5. რობერტ შუმანი, "კონცერტი" (1 ქულა)
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვდავობთ 5 ქულაზე: ან უნდა მოხდეს აპლიკანტის მიღებულ შედეგზე 5 ქულის დამატება, ან ბარიერის დაწევა 5 ქულით“, - აღნიშნულია მუსიკის პედაგოგთა მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.