„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
რამდენად მაღალია ალბათობა, რომ სექტემბრიდან სწავლა ისევ დისტანციურად განახლდეს? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხი
„სექტემბრამდე წინ აგვისტოს სამი კვირაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიური ვაქცინაცია და იმედი გვაქვს, საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, სექტემბრამდე პედაგოგების დიდი ნაწილი ვაქცინირებული უნდა იყოს.
მისივე თქმით, დღეს დაიწყო პედაგოგებისა და სხვა პირებისთვის აცრები რეგისტრაციის გარეშე:
„სპეციალური გამოყოფილი სივრცეები არის პედაგოგებისთვის და ასევე სხვა პირებისთვის, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი მასიური ვაქცინაციის ცენტრში, სადაც დღეს პირველი ჯგუფი აიცრა რეგისტრაციის გარეშე. იგივე მოხდება ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სექტორს, თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის. შემდეგ ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ამდენად, დღეს ნაადრევია ამაზე საუბარი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს პედაგოგებისთვის, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „მივყვებით ნაბაყოფლობითის მოდელს.“
„ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. დღეს, ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, საკუთარი არჩევანითა და ნებით ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, მე წარმოდგენილი მაქვს, რომ ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და შესაძლოა, მეტი საგანმანათლებლო მუშაობ იყოს საჭირო, თუ რაღაც შემთხვევაში ადამიანი გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.