Baby Bag

​„თვეებია მასწავლებლები კომპიუტერთან ერთად ვცხოვრობთ“ - პედაგოგებმა ონლაინ სასწავლო წელი შეაჯამეს

​„თვეებია მასწავლებლები კომპიუტერთან ერთად ვცხოვრობთ“ - პედაგოგებმა ონლაინ სასწავლო წელი შეაჯამეს

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი სასწავლო სემესტრი დასრულდა და მიილია მოულოდნელობებით სავსე 2020 წელიც. Covid-19-მა, რომელიც უკვე ერთი წელია საქართველოშიც მძვინვარებს, განათლების სისტემა სერიოზული სიახლეებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა. დისტანციური სწავლება, ტელეფონებსა და კომპიუტერებს მიჯაჭვული მოსწავლეები და მასწავლებლები, ონლაინ გაკვეთილები, ტექნოლოგიური მხარდაჭერისთვის შექმნილი სოციალური ჯგუფები, ხარვეზები, პრობლემები და კვლავ გამოწვევები - მოკლედ რომ შევაჯამოთ, სწორედ ასეთი გამოდგა 2020 წელი სასკოლო საზოგადოებისთვის.

momsedu.ge ამ თემასთან დაკავშირებით მასწავლებლებს დაუკავშირდა და გთავაზობთ მათ თვალით დანახულ ონლაინ სასწავლო წელს.

თამარ ხუციშვილი, თბილისის N174 საჯარო სკოლა: „ფორსმაჟორული წელი იყო, საკმაოდ რთული და სტრესული მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის. პირადად მე ვფიქრობ, რომ სიახლეებს ფეხი მარტივად და იოლად ავუწყვე და არ გამჭირვებია დისტანციურ რეჟიმზე გადართვა, თუმცა პრობლემები და ხარვეზები, რა თქმა უნდა, ბლომად იყო.

ამ ტიპის სწავლების პლიუსად შემიძლია დავასახელო ის, რომ, მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მოსწავლეებს შევთავაზე ისეთი რესურსები, თვალსაჩინოებები, პრეზენტაციები, რომლის საკლასო ოთახში ჩვენების შესაძლებლობა არ მქონდა ტექნიკური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო. ამ დადებით მხარეს გამოვყოფ და სრულიად სამართლიანადაც.

პრობლემებს რაც შეეხება, იყო ხარვეზები ინტერნეტთან დაკავშირებით და ყველა მოსწავლე ვერ ერთვებოდა პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ დისტანციური სწავლების დროს მხოლოდ მასწავლებლისა და მშობლის პასუხისმგებლობა არაა გაკვეთილის პროცესში ჩართვა, მოსწავლეებმაც უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. ვგულისხმობ იმას, რომ მოსწავლეების ნაწილი გაკვეთილზე შემოდიოდა გამორთული კამერითა და მიკროფონით, რათა მათ ეს დასწრებაში ჩათვლოდათ და შემდეგ გადიოდნენ. შესაბამისად, არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს და დავალებებსაც სრულყოფილად ვერ ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, განსაზღვრო, მოსწავლე გესწრება თუ არა, როცა მას კამერაც და მიკროფონიც გამორთული აქვს, შენ ვერ ხედავ ის რას აკეთებს და ვერ ხვდები როგორ მუშაობს.

ცხადია, იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც აქტიურად ესწრებოდნენ გაკვეთილებს და მუშაობდნენ, ინდივიდუალურადაც მეკონტაქტებოდნენ და აქედან გამომდინარე, ამ თვეების მანძილზე პედაგოგები ფაქტობრივად კომპიუტერებთან ერთად ვცხოვრობდით. ამ ყველაფერს სკოლაშიც ვაკეთებდით და იქაც ვმუშაობდით, მაგრამ ახლა ზღვარი წაიშალა და მთელი დღე ზიხარ და ამზადებ პრეზენტაციებს, რომ როგორმე შედეგზე გახვიდე, მოსწავლემ რაღაც გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ მე ტექნიკური თვალსაზრისით მომზადებული შევხვდი ამ პროცესს და აბსოლუტურად ყველა გაკვეთილის ჩანაწერი გავაკეთე, რათა ვინც ვერ მესწრებოდა, მათაც შეძლებოდათ გაკვეთილების მოსმენა, ეს ყველაფერი საკმაოდ რთული და სტრესულია“. 

არჩილ აბესაძე, გამარჯვების საჯარო სკოლა: „ყველაზე რთული და ამავდროულად, მთავარი, სპორტის ონლაინ გაკვეთილებში არის ის, რომ გაკვეთილები იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი, უნდა მოიფიქრო სხვადასხვა აქტივობა და შესთავაზო მოსწავლეებს. თავდაპირველად ვარჯიშებს ვაკეთებდით ხოლმე, ეკრანს ვუზიარებდი და ერთობლივად ვვარჯიშობდით, თუმცა შემდეგ დავაკვირდი, რომ ქაოსი იქმნებოდა და ამიტომ მოტორულ ვარჯიშებზე გადავედით, რომელსაც თეორიულად ვუხსნიდი და შემდეგ ისინი შესრულებულ ვარჯიშებს ვიდეოს სახით მიგზავნიდნენ. როცა ეს რესურსიც ამოიწურა, გადავედით თეორიებზე და მინდა გითხრათ, რომ ამ დისტანციურმა სწავლებამ საშუალება მომცა მოსწავლეებისთვის მსგავსი ტიპის მასალები მიმეწოდებინა, მათ შორის, გავაკეთეთ კომპლექსური დავალებაც, რომელიც საკმაოდ შედეგიანი გამოდგა.

მოსწავლეების ჩართულობა დიდია, თუმცა, სამწუხაროდ, არიან მოსწავლეები, რომლებიც ვერ ახერხებენ არა თუ ჩემს, არამედ, სხვა გაკვეთილებზე დასწრებას და მათი პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ზოგს ინტერნეტი არ აქვს, ზოგს მოწყობილობა, რამდენიმე მოსწავლეს კი საერთოდ არ შეუძლია ტექნოლოგიების გამოყენება, რაც ხარვეზებს აჩენს სწავლების პროცესში. მაწუხებს ეს ფაქტი, მაგრამ ჩვენი ძალებით ეს პრობლემები ვერ მოვაგვარეთ. ამას უფრო მასშტაბური ჩარევა სჭირდება.

მეორე მხრივ, გაკვეთილის პროცესში ჩართვის შემდეგ კიდევ სხვა პრობლემები იჩენს თავს, მაგალითად, პირადი სივრცის არარსებობა. მოსწავლეები ხშირად ვერც ისმენენ გაკვეთილს, რადგან საკუთარი ოთახი და მაგიდა არ გააჩნიათ, საერთო ოთახებში კი ხმაურია, რის გამოც სრულყოფილად ვერ ერთვებიან ისინი საგაკვეთილო პროცესში. ამის გარდა, რამდენჯერმე შევეჩეხე „რეპეტიტორ მშობლებსაც“, რომლებიც ბავშვებს კარნახობენ კითხვებზე პასუხებს და ეს ყველაფერი ჩვენ, მასწავლებლებს გვესმის.

სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს მგონი უკვე მივეჩვიეთ, რაღაცნაირად კომფორტის ზონა გახდა ეს დისტანციური სწავლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან რთულია ასეთ რეჟიმში გაკვეთილების დაგეგმვა და წარმართვა. მართალია, გვაქვს სამინისტროს რეკომენდაციები, თუმცა როგორც შევატყვე, ისინი ნაკლებად გამოსადეგია“. 

მარიამ ხეთაგაშვილი, რუსთავის N25 საჯარო სკოლა: „იმის გამო, რომ ტექნოლოგიებში კარგად ვერკვევი და თან ჩემი საგნის, ინგლისური ენის სწავლება ონლაინ რეჟიმში რთული არაა, პირადად მე, პრობლემები არ შემქმნია. მოსწავლეებს სხვადასხვა რესურს ვუზიარებდი, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომი იყო, ასევე, ძალიან კარგად ვიმუშავეთ მოსმენის უნარ-ჩვევებზე. სკოლაში თუ ეს პრობლემაა იმის გამო, რომ არ გვაქვს ტექნიკა, ონლაინ ეს არ გაგვჭირვებია.

პრობლემები იყო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით თიმსთან დაკავშირებით, როდესაც მოსწავლეები ვერ შემოდიოდნენ, ეს განსაკუთრებით უჭირდათ ეს უმცროსკლასელებს, თუმცა ნელ-ნელა აითვისეს, ხოლო მათ, ვინც ვერ შემოდიოდნენ, ცალკე ტელეფონით ვუკავშირდებოდით“. 

თინა ძულიაშვილი, ხაშურის N3 საჯარო სკოლა: „რადგანაც, 2020 წელი საგანმანათლებლო სივრცისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, მასწავლებლები შევეცადეთ ძალიან სწრაფად აგვეღო ალღო ონლაინ სწავლებისათვის, რაშიც ძალიან დაგვეხმარა პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის ფარგლებში სკოლას გადმოეცა კომპიუტერები, რომელიც ძალიან გამოგვადგა ონლაინ სწავლების დროს. ჩვენ უკვე გვქონდა თიმსში მუშაობის გამოცდილება და ამიტომ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება არ გაგვძნელებია, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები და გამოწვევები, რომელთა დაძლევას ყოველდღიურად ვცდილობდით.

წინა პერიოდთან შედარებით, ახლა უფრო კარგად ვმუშაობთ თიმსში. მე მე-2 კლასი მყავს, კლასში 28 მოსწავლეა და უნდა ითქვას, რომ ყველა მოსწავლე ახერხებს გაკვეთილზე ჩართვას, დასწრების ხარისხი მაღალია და ყოველ დღე 25-26 მოსწავლე ესწრება გაკვეთილს. გარდა ამისა, გაკვეთილებმა უფრო ორგანიზებული სახე მიიღო, მოსწავლეები მიეჩვივნენ ხელის აწევას, მიკროფონისა და კამერის ჩართვა-გამორთვას, ვცდილობ დრო დავუთმო მინი-პრეზენტაციებს, მაგრამ დროის სიმცირის გამო ხშირად ვერ მივმართავ ამ ხერხს. პრობლემაა, ასევე, დაბალსიჩქარიანი ინტერნეტი, რომელიც აფერხებს სხვადასხვა რესურსის ეფექტურად გამოყენებას, არადა, ვცდილობ გაკვეთილი დავტვირთო საგანმანათლებლო რესურსებით, მინდა წარიმართოს ინტერაქტიური მეთოდებით, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნონ სწავლა-სწავლების პროცესში, სწავლა უფრო სახალისო გავხადო, საშინაო დავალებები იყოს საინტერესო და დავუახლოვო მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას.

მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში მშობელთა ჩართულობის ხარისხიც მაღალია. ონლაინ სწავლების დროს ბავშვებს მშობლები გვერდზე უზით, ამას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეც აქვს. ჩემი არაერთი თხოვნის მიუხედავად ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი კარნახობს ბავშვს პასუხს, ასევე, სანამ პასუხს გამცემენ ბავშვები, ოჯახის წევრებს მისჩერებიან და აკვირდებიან მათ რეაქციას, მოეწონათ თუ არა მათი პაუხი, სწორად უპასუხა თუ არა კითხვას.

ზოგადად, ონლაინსწავლებისას ბავშვი მოკლებულია ცოცხალ ურთიერთობას და ფერხდება სოციალური უნარების განვითარება. დისტანციური სწავლისას ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს შედეგების გაზომვა, რთულია განსაზღვრო რა გააკეთა ბავშვმა, როგორ გააკეთა, რაში სჭირდება დახმარება და რა დოზით ჩაერია მშობელი“. 

ანა ურუშაძე, თბილისის N133 საჯარო სკოლა: „საკმაოდ რთული და სტრესული სემესტრი იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. ბუნებრივია, რომ მთელი სამი თვის განმავლობაში გაჯეტებთან დიდი დროით ყოფნა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა ყველა მხარისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა ვფიქრობ რომ წინა სემესტრის გამოცდილება გავითვალისწინეთ და ახლა ბევრად უკეთესი და შემდგარი იყო პროცესი, ვიდრე წინაზე. ეს ბუნებრივიცაა, ჩვენ უკვე მივიღეთ პრაქტიკა, როგორ გვემუშავა პროგრამასთან, როგორ გაგვემრავალფეროვნებინა დისტანციური გაკვეთილები, მოსწავლეებმაც დაინახეს, რომ ცოდნის მიღების სურვილია მთავარი, ფორმას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციაა. ჩემი გადასახედიდან რომ გითხრათ, გაიზარდა დისტანციურ გაკვეთილებზე დამსწრეთა რაოდენობა, გაიზარდა ონლაინ მოსწავლეთა აქტიურობა, მათ ალღო აუღეს ამ სისტემას, მოვახერხეთ და ჩემს კლსებთან ერთად გავაკეთეთ ონლაინ კონფერენციები ონლაინ გაზეთები და არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენეთ. დასწრება არ არის სრული, თუმცა პროგრესი ნამდვილად გვაქვს, სამაგიეროდ მოსწავლეთა ტექნიკური უნარები ძალიან გაძლიერდა. ჩემთვის, როგორც დამწყები მასწავლებლისთვის ეს ონლაინ სწავლება ნამდვილად არის დიდი გამოწვევა, თუმცა მიმაჩნია, რომ ორმხრივი გამოცდილება მივიღე, როგორ გამოვიყენო არსებული რესურსი და ჩემი გაკვეთილები როგორ გავხადო მაქსიმალურად საინტერესო, ასევე, როგორ შევძლო ეკრანებს მიღმაც კი ჩემს ბავშვებს დავუმეგობრდე და ემოციური იმპულსები გავუზიარო, რის გარეშეც წარმოუდგენელი მგონია სწავლა-სწავლების პროცესი. სირთულე გახლდათ ის, რომ წელს ბევრი ახალი კლსი მყავს და სამწუხაროდ ბავშვების გაცნობა დისტანციურად მომიწია. ეს ქმნის გარკვეული ტიპის სირთულეებს, თუმცა მჯერა, რომ მომავალი სემესტრი უკვე საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს და მე მომეცემა საშუალება ჩემს ყოჩაღ მოსწავლეებს პირადად გავეცნო. რა თქმა უნდა, გამოწვევად რჩება ის, რომ საკმაოდ ბევრი მოსწავლე განათლების მიღმა რჩება ინტერნეტის გაუმართაობის გამო. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე იყო, რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გვერთვებოდა, თუმცა ჩვენმა სკოლამ მაქსიმალურად უზრუნველყო, რომ მოსწავლეები ტექნიკურად აღეჭურვა. ინტერნეტის პრობლემა კი ვფიქრობ უფრო მასშტაბურ დონეზე უნდა გადაწყდეს და მეტად ჩაერთოს სახელმწიფო ამ პროცესებში“. 


შეიძლება დაინტერესდეთ

მზად, გვერქვას მასწავლებელი...

მზად, გვერქვას მასწავლებელი...
მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე. ბებია - მასწავლებელი, დედა - მასწავლებელი, ბაბუა - ინჟინერი, მაგრამ ცხოვრების მასწავლებელი, მამა - გზების ინჟინერი, მაგრამ ლექსების მასწავლებელი. ყველგან მასწავლებლები. მეც ავდექი და ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. რა მასწავლებელი?!

ოთხი წელი „კარგად“ ვისწავლე. ძალიან კარგად. ისეთი თბილი იყო მეექვსე კორპუსის ცისფერი კედლები. ძალიან ლამაზი დიპლომიც ავიღე და დიდი ხანია უჯრაში მიდევს. მგონი ნელ-ნელა ფერიც გადასდის. ღია ვარდისფერიც მოუხდება. არა უშავს.

მერე ორი წელი ვიმუშავე. თან საკუთარი პროფესიით. ჰო, საოცარია, გამიმართლა. მეც ასე ვფიქრობდი, სანამ მივხვდი, რომ ცხოვრებაში უფრო მეტს ვიმსახურებდი. ავდექი და წამოვედი.

ორი წელი ვწერდი სკოლებზე, მასწავლებლებზე, მოსწავლეებზე, დირექტორებზე, იმათზე, ვისაც უყვარდა ეს პროფესია და იმათზეც, ვისაც ეზიზღებოდა. კომფორტის ზონიდან ვერგამოსულ, მუდამ მოწუწუნე, მომთხოვნ მასწავლებლებზეც.

მაშინ მოვიდა ფიქრი, ფიქრი, რომ მხოლოდ გარეგანი დაკვირვებით და ჩართულობით, მხოლოდ ამბების შელამაზებით და გამხატვრულებით ცვლილებები ვერ მოხდებოდა, რადგან ყველა ცვლილება შიგნიდან იწყება. იქ მოსახვედრად კი...

ფორმალურად უფროსი მასწავლებელი ვარ. არაფორმალურადაც - უფროსი მასწავლებელი. ჯერ სკოლაში ვერ ვასწავლი, რადგან ჯერ იყო და თავის დროზე უარი ვთქვი და სწავლა ვარჩიე. ახლა სწავლას მოვრჩი და მაინც ვერ ვასწავლი. რატომ? ეს სხვა დროს, ახლა ამაზე ხომ არ ვსაუბრობ?!

ვისწავლე ყველაფერი, რაც მომავალში უნდა გამომადგეს და გამოვიყენო. რა ვიცი, ასე მითხრეს და მეც მჯერა. მჯერა, რომ ერთმა მერცხალმა თუ გაზაფხული ვერ მოიყვანა, არა უშავს, რადგან მარტს მაინც მოიყვანს.

ჯერ თავს ვერ ვგრძნობ განსაკუთრებულად. ან რა დროს ეგაა, მხოლოდ ერთი გაკვეთილი მაქვს ჩატარებული, ისიც დისტანციურად, ისიც კურსის ფარგლებში. ისე, მსმენია, ამბობენ, ეს პროფესია განსაკუთრებულიაო, ბავშვების სიყვარულიო, მეგობრობაო, მათი ღიმილიანი თვალებიო, მათი ფიქრებიო. კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ამის საპირწონედ აუცილებლად მახსენდება გაკვეთილის გეგმებიო, სწავლების სტრატეგიებიო, მოზარდთა ფსიქოლოგიაო, მშობლებიო, ჯერ კიდევ მტრულად განწყობილი სასკოლო საზოგადოებაო და თავბრუ მეხვევა. ამ ყველაფრის გამო კი ცოტა მეშინია.

მეშინია მოსწავლეების. მათთან ურთიერთობა ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდი. ისინი ჭკვიანები და ცნობისმოყვარეები არიან. ისინი ბევრ კითხვას სვამენ და პასუხებს ითხოვენ. ისინი მომთხოვნები არიან. ზოგჯერ მკაცრებიც და სასტიკებიც.

მათთან ურთიერთობა ძალიან ჰგავს თეატრალურ წარმოდგენას, სადაც ჩვენ რეჟისორები ვართ, მოსწავლეები მაყურებლები, ხოლო გაკვეთილი კი - სცენა და სპექტაკლი. როგორც ყველა სპექტაკლი არ იქნება ერთნაირად კარგი, ისევე ვერ იქნება ყველა გაკვეთილი ყოველთვის ერთი და იმავე ხარისხის. მაყურებელი კი ყოველთვის უკეთეს სანახობას ითხოვს. უკეთესი სანახაობისთვის კი აუცილებელია რეჟისორმა და მაყურებელმა თანმიმდევრულად და შეთანხმებულად იმუშავონ.

შიშებს რომ დავუბრუნდეთ...

შიშს მაშინაც ვგრძნობდი, როდესაც ჩემს ელფოსტას ვხსნიდი და ლექტორების უამრავი დავალება მხვდებოდა, რომელთა შესრულების გარეშე მასწავლებელი ვერ გავხდებოდი. მეც ვწერდი და ვწერდი, ვსაუბრობდი და ვსაუბრობდი და ასე, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მინდოდა წრის ნაწილი გავმხადარიყავი.

ისე, საერთოდ არაა მარტივი, ადგე და ამ მოჯადოებული წრის რომელიღაცა ნაწილში მოსახვედრად იბრძოდე. თან, მარტო კი არ ხარ, შენ გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ამას და ამ მარათონში საბოლოოდ ან გამარჯვებული გამოდიხარ, ან ისევ სხვა საქმის მოძებნა გიწევს გადასარჩენად. ამაზეც ცოტა ვრცლად მოგვიანებით...

მასწავლებლობა მარტივი არაა. მით უმეტეს, ეს ის საქმე არაა, მცდარი აზრების გარემოცვაში გაზრდილმა ადამიანებმა რომ უნდა შეასრულონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბავშვობაში ასე ჩააგონეს. გახსოვთ, ხომ ბავშვობაში მოსმენილი ფრაზები იმის შესახებ, რომ ქალს მასწავლებლობა უხდება. იქვე აუცილებლად ახსენებდნენ, რომ, არა, კაცსაც უხდება, მაგრამ მაინც უფრო ქალს და ასე ხდებოდნენ ჩვენი დედები, დები, დეიდები, ბებიები და მეზობლები მასწავლებლები...

არადა... ეს პროფესია ჩვენს არჩევანსა და შესაძლებლობებს შორის დგას, ჩვენს სიყვარულის უნარსა და მოთმინებას შორის დგას და აქ ყველას ადგილი ნამდვილად არაა.

ამ პროფესიაში ძალიან მამაცი ადამიანების ადგილია. ადამიანების, რომლებსაც ბოლომდე ესმით მასწავლებლობის და განიცდიან მას. ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა და შეეჭიდონ ურთულეს საქმეს. ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი მოსწავლეების, არ ეზიზღებათ ისინი და სულმოუთქმელად არ ელიან დროს, როდესაც მათგან თავისუფლები იქნებიან.

როდესაც ამ ყველაფერს გააცნობიერებთ, მაშინ თავად მიხვდებით, რომ მზად ხართ. მზად, გერქვათ მასწავლებელი და ასწავლოთ სხვას. სხვას, უკეთესი სპექტაკლის დასადგმელად და სხვას, უკეთესი მომავლისთვის.

ავტორი: მარიამ გვარამია 

წაიკითხეთ სრულად