საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.
2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.
ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.
კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა.
მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების ჯგუფი“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და გაწევრიანდით ჯგუფში - „მასწავლებლების ჯგუფი.
„ბულინგის შემთხვევების დროს სკოლა ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ეს არ მომხდარა სკოლაში. ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ,“ - მაია ცირამუა
ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მოზარდებს შორის ბულინგის შემთხვევების გახშირების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩაგვრის აღმოფხვრაში სკოლის მნიშვნელოვან როლს:
„პირველი რგოლა არის სკოლა. სკოლას თავისი რესურსით უნდა შეეძლოს განმუხტვა, ცეცხლის ჩაქრობა და არა გაჩაღება. როდესაც ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევებია, ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არ მომხდარა სკოლაში, ეს მოხდა სხვადასხვა სკოლის მოსწავეებს შორის. აქ ძალიან კარგად ჩანს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისა და თავის მართლების პოზიცია. მგონია, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ.“
მაია ცირამუას თქმით, სკოლის გარეთ ჩაგვრის არსებობის შემთხვევაში, ბულინგის ნიშნები საკლასო ოთახშიც იჩენს თავს:
„ის, რაც ბავშვებს შორის ხდება სკოლის გარეთ, ეს აუცილებლად ჩანს საკლასო ოთახშიც. ბავშვი, რომელიც სასტიკად ეპყრობა თავის თანატოლს, ის აუცილებლად ავლენს მსგავს ნიშნებს სხვაგანაც. პედაგოგს ამ ნიშნების იდენტიფიცირების ვალდებულება აქვს. პედაგოგს ასევე ვალდებულება აქვს მშობლების საქმის კურსში ჩაყენების, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის ჩართვის. არსებობს სასკოლო მედიაციის გარკვეული პრაქტიკა.“
„თუ უკვე ზიანი ძალიან მაღალია, რომელიმე მხარეს სერიოზული ქცევითი დარღვევები ვლინდება, იკვეთება სპეციალისტის ჩართვის საჭიროება, აქ უკვე საჭიროა ჩართო გარედან სპეციალისტი. ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს კარგად გააზრებული, როგორ იმუშაოს მსგავს საკითხებზე. მიდგომით, რომ ეს ჩემს სკოლაში არ ხდება და სკოლის გარეთ მოხდა, ჩვენ ვერასდროს ბულინგის პრობლემას სკოლებში ვერ მოვაგვარებთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ცირამუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა,.