საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლება პედაგოგებისთვის სავალდებულო არ არის და ემსახურება მხოლოდ მასწავლებლების პროფესიული წინსვლის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე.
2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე მოიპოვეს.
ხოლო მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი არ აქვთ გადალახული, სტატუსის ამაღლების მიზნით პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლისთვის საგნის გამოცდაზე 60%+1 ბარიერის დაძლევა მოუწევთ.
კარიერული წინსვლისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მასწავლებლები პრაქტიკული კომპონენტითაც უნდა შეფასდნენ, რაც გულისხმობს პედაგოგის პორტფოლიოს შესწავლასა და სკოლაში მასწავლებლის უშუალო საქმიანობის შეფასებას. მათ შორის, გასაუბრებას, საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებასა და სხვა.
იმ შემთხვევაში, თუ კარიერული წინსვლის მსურველმა პედაგოგმა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ პრაქტიკული კომპონენტი ვერ/არ გაიარა, მას გამოცდებზე მიღებული ქულა უნარჩუნდება და პრაქტიკული კომპონენტის დადასტურების შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კიდევ მიეცემა.
მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდების ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას პროფესიულ უნარებში 2022 წელს პირველად ჩაატარებს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ტესტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების ჯგუფი“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და გაწევრიანდით ჯგუფში - „მასწავლებლების ჯგუფი.
თამარ გაბუნია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს
საქართველოში ბოლო ორი დღეა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. გამომდინარე აქედან, დაიკეტა ბაღების ნაწილი, სკოლებში კი კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია თუ არა სკოლების ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ სასკოლო გარემოში შენარჩუნდეს სწავლების პროცესი:
,,ამისთვის მასწავლებლების უდიდესი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია, ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გავრცელების შემთხვევები იყო, სკოლების ის რაოდენობა, რომელიც გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, არის ძალიან ცოტა - დაახლოებით 2-2,5%. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაცია გრძელდება, ტესტირებები უფრო ხშირად ტარდება, სკოლაში ყველაფერი კეთდება, რომ ინფექცია არ გავრცელდეს, ვფიქრობთ, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იქნება საჭირო. სკოლა ყველაზე გვიან უნდა დაექვემდებაროს შემზღუდველ ღობისძიებებს და ყველაზე ადრე უნდა შეეხოს შეზღუდვების მოხსნა. ვფიქრობ, ბავშვები უნდა დადიოდნენ სკოლაში და იქ იღებდნენ განათლებას,'' - დასძინა თამარ გაბუნიამ.