„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისათვის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურად მიმდინარეობს აჭარის რეგიონში.
გადაწყვეტილება გახანგრძლივებული საარჩევნო პროცესისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ, 21 ნოემბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური, საარჩევნო უბნებად კი ასეულობით სკოლა კვლავ იქნება გამოყენებული.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ისინი სასწავლო პროცესს ისევე განაგრძობენ, როგორც აქამდე. კერძოდ, უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.