„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
განათლების მინისტრის მოადგილე საჯარო სკოლებში მიმდინარე პროცესებზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეული ფორმით მიმდინარეობს - სკოლების ნაწილში დისტანციურად, ნაწილში საკლასო ოთახებში და კოვიდ ინფექციის დაფიქსირების შემთხვევებში, სამინისტრო პროცესებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად წერტილოვნად მართავს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკატერინე დგებუაძემ იმ სკოლებზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული:
„მოგეხსენებათ, საარჩევნო პერიოდში საარჩევნო უბნების ძირითადი ნაწილი მდებარეობს სასკოლო სივრცეში და იმის გამო, რომ დავიცვათ თოთოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ავიცილოთ რისკები, მიღებული იქნა გადაწყვეტოილება, რომ სავარაუდოდ ერთი კვირის განმავლობაში, სასწავლო პროცესი გადავიდეს დისტანციურ ფორმატში და მომდევნო კვირაში განახლდება“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.