ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
„დელტა შტამის დროს უცებ ხდება დამძიმება და სიმპტომების მკვეთრი გაშლა,“ - თერაპევტი ხათუნა ნუცუბიძე
თერაპევტმა ხათუნა ნუცუბიძემ დელტა შტამის თავისებურებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა შტამებისგან განსხვავებით მას მოულოდნელი და სწრაფი დამძიმება ახასიათებს:
„ადრე დაავადება იწყებოდა მარტივი სუბფებრილიტეტით, დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ იშლებოდა კლინიკური სურათი. ახლა კლინიკური სურათის აქტიურობა თავიდანვე გაშლილი მოდის. ძალიან შეწუხებულია პაციენტი. პირველი, ვისაც პაციენტი უკავშირდება, მისთვის საყვარელ და ნაცნობ ოჯახის ექიმს. ოჯახის ექიმისთვის პირველი სიმპტომატიკა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ დღეს პაციენტი რომ იტყვის, რომ რესპირატორული სიმპტომები აქვს, მეორე დღეს გაშლილი გვევლინება თავისი ტემპერატურით და ა.შ.“
„კიდევ ერთი საოცრება დაფიქსირდა. ალბათ, ნელ-ნელა გამოიკვეთება კიდევ უფრო, თუ რა იწვევს ამ მდგომარეობას. თუ სიმპტომებით იწყება დაავადება, თითქოს დინამიკა მიდის კარგად, მაგრამ რომ არ ველოდებით, უცებ ხდება სიმპტომების მკვეთრი გაშლა და დამძიმება პაციენტის მერვე-მეცხრე-მეათე დღეს. ეს წინა შტამებს არ ახასიათებდათ. მერვე-მეცხრე-მეათე დღიდან თითქოს დინამიკა კლებისკენ მიდიოდა და ჩვენც მშვიდად ვიყავით, ოჯახის ექიმები, რადგან მეთოთხმეტე დღეს ვიღებდით გამოჯანმრთელებას. ახლა ჩვენ ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, რომ არ ვინერვიულოთ. შესაძლებელია მშვიდად მიმდინარე კლინიკა მეათე-მეთერთმეტე დღეს უცებ დამძიმდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ხათუნა ნუცუბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.