ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, „მიუ“ არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია“
ქვეყნის ინფექციონისტები „მიუ“ შტამის აღმოჩენის თეორიულ ალბათობას არ გამორიცხავენ, თუმცა მათი განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუტირებულ შტამს უკვე 9 თვეა „საინტერესო შტამად განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე გავრცელებულ შტამებთან შედარებით, ის ნაკლებად სახიფათოა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.
„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალი (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება საქართველოში მოხდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად გახდება ის გავრცელებდი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.