Baby Bag

„დედების მხრიდან ხშირად არის მოთხოვნა, რომ უცხო ენებზე საუბრობდეს ძიძა, რაც რეკომენდებული არ არის,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

„დედების მხრიდან ხშირად არის მოთხოვნა, რომ უცხო ენებზე საუბრობდეს ძიძა, რაც რეკომენდებული არ არის,“- ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ საქართველოში უცხოენოვან ძიძებზე მაღალი მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ წლებში ბავშვს დამატებითი ენის სწავლა ბარიერებსა და პრობლემებს უქმნის:

„დედების მხრიდან ძალიან ხშირად არის ეს მოთხოვნა, რომ სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს ძიძა, შეეძლოს კომუნიკაცია და თუნდაც თამაშით სწავლება ამ ენების, რაც, რა თქმა უნდა, რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით პირველ წლებში, რადგან ბავშვს დამატებითი ენის სწავლა აძლევს ბარიერს, რომელიც შემდგომში ფსიქიკურ პრობლემებსაც ქმნის. ჩვენ შემდგომში ვსაუბრობთ ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის ქცევითი ტიპის დარღვევები, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობის სინდრომი. ერთის მხრივ, კარგია, რომ ბავშვი ბევრ ენაზე საუბრობს, მაგრამ მისთვის ძალიან რთულია იდენტიფიკაცია, რომელია მისი ენა.

ბავშვს ექმნება მეტყველების აღრევის პრობლემა. ის კონკრეტულ ადამიანს ირჩევს, ვისთანაც ამ ენაზე იწყებს საუბარს. სამწუხაროდ, სკოლებში ძალიან ხშირად ვხვდებით, რომ ბავშვებს უცხოენოვანი აღმზრდელები ჰყავთ და სკოლაში მოეთხოვებათ ქართულ ენაზე სწავლა და უჭირთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც დღეს დგას,“- მოცემულ საკითხზე ნინო კერესელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად