Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირველ რიგში, ქალი უნდა იყოს კარგად, რომ შეძლოს ამ ყველაფრის ტვირთვა და გაძღოლა,“ - ფსიქოთერაპევტი მარიამ ალანია

„პირველ რიგში, ქალი უნდა იყოს კარგად, რომ შეძლოს ამ ყველაფრის ტვირთვა და გაძღოლა,“ - ფსიქოთერაპევტი მარიამ ალანია

ფსიქოთერაპევტმა მარიამ ალანიამ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპეციალისტს აღნიშნული პრობლემით ქალების 20% მიმართავს:

„ეს 20% არის ის, ვინც მიმართა სპეციალისტს. გაცილებით მეტია, ვინც არ მიმართა. თუ ამას ადამიანი რაღაცნაირად თვითონ გადალახავს, შედეგების გარეშე არ ჩაივლის ეს. არ უნდა მოვტყუვდეთ, რომ გადალახა და ყველაფერი კარგად არის. შეიძლება გავიდეს წლები და წლების შემდეგ ამან სადღაც იჩინოს თავი, ხშირად ბავშვთან ურთიერთობაში. შეიძლება დედასა და შვილს შორის ემოციური კავშირი დაირღვეს, ბავშვი იყოს აგრესიული. აქაც ჩაკეტილ წრემდე მივდივართ, რომ, ალბათ, დედის ბრალია. რაღაც დედამ ვერ გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა.“

„აქცენტი გადატანილია ბავშვზე, როგორ გამოვკვებავ, როგორ მოვუვლი. დედა გადადის მეორე პლანზე. ეს ისედაც ასე ხდება, ბუნებრივად ასეა. მთელი ორსულობის განმავლობაში რაღაც შეზღუდვები უწევს ქალს, ის არ უნდა ჭამოს, იქ ვერ წავა. მშობიარობის პროცესიც სულ იდეალურად რომ იყოს, მაინც ძალიან სტრესულია ბავშვის მოვლა, ღამის თენება. კიდევ ამის აქცენტირება, რომ ბავშვზე უნდა იყო პასუხისმგებელი, ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო, რომ კარგი დედა იყო, არ არის სწორი. თუ შემოვატრიალებთ ამ აქცენტს და ვიტყვით, რომ ჯერ დედა უნდა იყოს კარგად, მერე ბავშვიც კარგად არის და ყველა კარგად არის. პირველ რიგში ქალი უნდა იყოს კარგად, რომ შეძლოს ამ ყველაფრის ტვირთვა და გაძღოლა,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ალანიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად