Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მშობელმა აუცილებლად უნდა გამონახოს დრო ბავშვთან ურთიერთობისთვის" - ბავშვთა ფსიქოლოგი

,,მშობელმა აუცილებლად უნდა გამონახოს დრო ბავშვთან ურთიერთობისთვის" - ბავშვთა ფსიქოლოგი

,,​კონკრეტულ ასაკში ბავშვებს განვითარების მიხედვით ეკუთვნით, რომ მარტო თამაშობდნენ - ეს არის ასაკი 0-დან წლინახევრამდე ან ორ წლამდე. როგორც კი განვითარება წინ მიდის, ანუ ბავშვების მოტორული, კომუნიკაციის უნარი ვითარდება, ისინი სწავლობენ სხვა ბავშვებთან ურთიერთობას. ამას სხვანაირად სოციალიზაცია ჰქვია. ცხადია, სოციალიზაციაში - ისევე, როგორც განვითარების სხვა ეტაპებზე, მათ ხელს უწყობს თამაში - ეს არის ის ძირითადი აქტივობა, რომლითაც ისინი ვითარდებიან. მშობელს მცირე ინფორმაცია მაინც უნდა ჰქონდეს განვითარების ნორმებზე, რომ ადრეულ ასაკში არ ჰქონდეს მოლოდინი შვილისგან ჯგუფური თამაშის", - ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგმა, ნატა მეფარიშვილმა ​ისაუბრა.

,,მოგვიანებით, როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან, იწყებენ თანატოლებთან ურთიერთობას. ამაში დიდი წვლილი - თუ როგორი ურთიერთობა ექნებათ მათ სხვა ბავშვებთან, მიუძღვით უფროსებს, არამხოლოდ მშობლებს. რა როლი შეიძლება, ჰქონდეს უფროსს თამაშისას - მშობელმა აუცილებლად უნდა გამონახოს დრო ბავშვთან ურთიერთობისთვის. ეს ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ყოფითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით, არამედ მან დრო უნდა გამოჰყოს შვილთან თამაშისთვის. ეს დღის განმავლობაში, მინიმუმ, ნახევარი საათი უნდა იყოს.  ბავშვთან ურთიერთობისას მნიშვნელობა აქვს ხარისხს და არა - დროის ხანგრძლივობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მშობლებმა ისწავლონ ეფექტური კომუნიკაცია შვილთან. 

მნიშვნელოვანია იმ ემოციური კავშირების აღდგენა, რომელიც დღის განმავლობაში სუსტდება, რადგან შვილები მშობლებს ვერ  ხედავენ. ამიტომ, აუცილებელია, ეს დრო მათ არ გაატარონ ეკრანთან, ტელევიზორთან, გაჯეტებთან და ა.შ. უნდა მოვთავსდეთ ბავშვისთვის ადეკვატურ გარემოში და, ასაკიდან გამომდინარე, რაიმე აქტივობა შევთავაზოთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ემოციური ჯაჭვების გამყარება და ამ შემთხვევაში არ უნდა შევეცადოთ ..აკადემიური კომპონენტის" შემოტანას. თუ ბავშვისთვის მხოლოდ ნახევარი საათის გამოყოფას ახერხებს მშობელი, მაშინ ჯობს, მის სურვილებს მიჰყვეს", - განმარტავს ნატა მეფარიშვილი.

წაიკითხეთ სრულად