რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა კლინიკას, როდესაც მისი შვილი გრიპით ავადდება - ამის შესახებ პედიატრმა, პროფესორმა თემურ მიქელაძემ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.
,,რა თქმა უნდა, აუცილებელია ექიმის დინამიკური მეთვალყურეობა მთელი ამ გრიპის მიმდინარეობის პერიოდში, განსაკუთრებით, H1N1 ტიპსა და H3N2 ტიპს, ა გრიპისას, ახასიათებს 5-7-8-დღიანი მიმდინარეობა. 5 დღის განმავლობაში არის ხოლმე ცხელება მაღალ ნიშნულზე, შემდეგ ერთი დღე არის ნათელი პერიოდი და მე-7 დღეს შესაძლოა, ერთდღიან, ორდღიან ცხელებასთან გვქონდეს საქმე. თუ ეს ორდღიანი ცხელება ჩამთავრდა, რა თქმა უნდა, უნდა დავმშვიდდეთ და უმეტეს შემთხვევაში ეს ასეც მიმდინარეობს, ასეა შემთხვევების 99-%-ში, თუმცა, იმ ერთ პროცენტის შემთხვევაში გვეშინია ჩვენ სხვადასხვა ბაქტერიული გართულების.
ცხადია, ამ დროს აუცილებელია ზოგ შემთხვევაში კლინიკური პარამეტრებისა და ლაბორატორიული პარამეტრების შეფასება. ამიტომ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება - ვმართოთ ამბულატორიულ პირობებში თუ უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ, თუ ბავშვს არ აქვს რაიმე ქრონიკული პათოლოგის (საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა ბევრი არ არის), პირველ, მეორე და მესამე დღეს ეს ბავშვი არ უნდა მოვათავსოთ კლინიკაში. ეს ძალიან ხშირად ხდება. საკმაოდ ძნელია, მაგრამ მშობელს არ უნდა შეეშინდეს და უნდა დამშვიდდეს. ჰოსპიტალი უნდა შევუნახოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ და ერთგვარი სოციალური აქტივობაც უნდა გვქონდეს იმისა, რომ თუ ბავშვი არის ჯანმრთელი, არ არის აუცილებელი მისი მოთავსება კლინიკაში", - ამბობს თემურ მიქელაძე.
წყარო: ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"