ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
„აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პერიოდში პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა“ - გიორგი გახარია
აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა:
„ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და 25 ივლისამდე გრძელდება. ეს საკითხი ადარდებს როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს. დღეს დილით გვქონდა შესაბამისი თათბირი, როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეპიდემიოლოგებთან და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და რომელზეც შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ შემდეგი - იქიდან გამომდინარე, რომ განთლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.