ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
გამოცდები 2020 - საგამოცდო ცენტრები და მისასვლელი მარშრუტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს აქვეყნებს. ცენტრის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის მიმართულებით N175 საჯარო სკოლამდე;
მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით N177, N173 და N39 საჯარო სკოლებამდე;
მეტრო „ვარკეთილიდან“ N117 საჯარო სკოლამდე;
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან N103 საჯარო სკოლამდე;