ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაიმართება და გამოცდების ჩატარების თარიღი გამოცხადდება, როგორც ყოველთვის, ივნისის თვეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება და ახალ აქცენტებს შეიძენს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პრიორიტეტი N1. განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა შეიძენს ახალ დამატებით აქცენტებს, რომლებიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული დისტანციურ სწავლებებზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული, რომ განათლების სისტემური რეფორმა წარმატებით დასრულდეს,“ - აღნიშნა გიორგი გახარია.
განათლების მინისტრის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებლებს სტატუსი აუმაღლდათ
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე 6 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა. ეს პედაგოგები არიან:
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი ტოლია კილასონია, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი კობა ტალახაძე, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მასწავლებელი კახაბერ ფარცვანია, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის მასწავლებელი რუსუდან მინაშვილი, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ზურაბ ჯუშოშვილი, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მასწავლებელი გიორგი ლომიძე, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.