Baby Bag

განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა

განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა

15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. თავის მხრივ, სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. ამ გზით ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

„სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალა. ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა, ბანერები, საინფორმაციო შეხვედრები), სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა
  • სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები
  • სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა
  • საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სსსმ მოსწავლეებისთვის რესურს ოთახით სარგებლობის განრიგი
  • სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება
  • თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა
  • სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
  • სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება
  • მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.


​სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს, ყურადღებით გაეცნონ სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ზედმიწევნით დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები:

  • სკოლაში წასვლამდე აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა
  • ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია
  • უზრუნველყონ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში
  • ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა
  • დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს.


​აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს შეეხება.

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს.

საქართველოს მასშტაბით სკოლებში უკვე მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება, 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება“, - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო​ წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ახალი შტამის „დელტაკრონის“ შესახებ ისაუბრა:

„თუ ომიკრონის სისწრაფეს გავითვალისწინებთ, ხანმოკლე პერიოდში ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა თითოეულ ქვეყანაში. ახალ ვარიანტთთან დაკავშირებით ასეთი თვისება არ დაფიქსირებულა. რამდენად შეიძლება ეს იყოს შემაშფოთებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით უმრავლესი შეფასება არის ნეგატიური. ფიქრობენ, რომ ამ ვირუსმა არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა. ამ მხრივ მოლოდინი არ არის, რომ ეს ვირუსი იქნება იმის მსგავსი რაც იყო ან დელტა, ან ომიკრონი. გარკვეულწილად ფიქრობენ, რომ ასეთი მუტაციების შექმნა პანდემიის ბოლო პერიოდში უფრო ვითარდება. ჰიბრიდული მუტაციები, როგორც წესი, შემდეგ უკვე აღარ ვითარდებიან. ესეც დადებითი მაჩვენებელია.“

„იაშვილში ჩვენ ძირითადად აქცენტს ვაკეთებთ პოსტკოვიდური გართულებების მკურნალობაზე. ბოლო პერიოდში ამ რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. ჩვენ ამის პროგნოზს ვაკეთებდით ჯერ კიდევ 4-5 კვირის წინ. საქართველოში ყოველ ათას ინფიცირებულ ადამიანში ორასი ბავშვია. ამ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარების ალბათობა არსებობს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ყოველ დღე შემოდის ჩვენთან ერთი პაციენტი ამ დიაგნოზით. ამ პაციენტების შემოსვლის ალბათობა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რჩება,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად