ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„როდესაც ტირის ბავშვი და მწუხარე სახე აქვს, შეიძლება დედაც შეწუხდეს და იგივე ემოცია გადასცეს,“ - ნინო ელბაქიძე დედის ჩვილთან ურთიერთობის სწორ მიდგომებზე
ფსიქოლოგმა ნინო ელბაქიძემ დედასა და შვილს შორის ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში არსებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„დედა-შვილის ურთიერთობაში პირველ სამ წელს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ფსიქოანალიტიკოსები ამაში დაგვეთანხმებიან. ფსიქოანალიზი ამბობს, რომ დედა და ჩვილი სამ წლამდე ერთნი არიან. ბავშვი ასე აღიქვამს, რომ დედა და ის ერთნი არიან.“
ნინო ელბაქიძის თქმით, სამი წლიდან ბავშვი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ის და დედა დამოუკიდებელი პიროვნებები არიან:
„სამი წლიდან ხდება გამოყოფა, რომ მე ცალკე ვარსებობ და დედა ცალკეა. როდესაც მე მინდა, რომ ბავშვს ვასწავლო საკუთარ ემოციებთან შეხვედრა, საკუთარ ემოციურ ნაწილთან კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია, რომ დასაწყისიდანვე ავირეკლო ემოციები. დედას თავად სჭირდება ემპათიის უნარი, რომ სწორად ამოიცნოს, რას გრძნობს ჩვილი ბავშვი და უპასუხოს იმავე ემოციით.“
„როდესაც ტირის ბავშვი და მწუხარე სახე აქვს, შეიძლება დედაც შეწუხდეს და იგივე ემოცია გადასცეს. ამ პერიოდში სწორედ არავერბალური გაცვლა ხდება ინფორმაციის დედასა და შვილს შორის. მე თავიდანვე ვსწავლობ კომუნიკაციას ჩემს თავთან. თუ ვიცი მე სად ვარ, მარტივად შემიძლია გავარჩიო მე სად ვარ და სხვა სად არის. ჩვილობის ასაკში სწორედ დედა მეხმარება ჩემს ემოციებთან კომუნიკაციაში. როდესაც სხვა ადამიანში ვხედავ ჩემნაირ ემოციას, შეიძლება ამან კათარზისი გამოიწვიოს,“ - აღნიშნა ნინო ელბაქიძემ.