ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ის მამები, რომლებიც მშობიარობას ესწრებიან, უფრო მეტად არიან ჩართულები ბავშვის აღზრდის პროცესში,“ - ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი
ნეიროფსიქოლოგმა მაია მაჭავარიანმა მშობიარობის პროცესზე მამის დასწრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, მამები, რომლებიც მშობიარობას ესწრებიან აღზრდის პროცესში მეტად ერთვებიან:
„მშობიარობაზე დასწრება ჩვენთან ახალი ტენდენციაა. ბოლო პერიოდია ძალიან ჩართულები არიან მამები, რაც მიხარია. ადრე ბავშვი თუ მხოლოდ დედას მოჰყავდა, ახლა მოდის ორივე მშობელი. ეს ურთიერთობა სამშობიარო ბლოკში არ სრულდება. ის მამები, რომლებიც მშობიარობას ესწრებიან, უფრო მეტად არიან ჩართულები ბავშვის აღზრდის პროცესში.“
მაია მაჭავარიანის თქმით, ქართველი მამები ორსულობის პერიოდში ვიზიტებზე დაჰყვებიან მეუღლეებს და ორსულობის განვითარებას აკვირდებიან:
„მამები მშობიარობამდე პერიოდშიც დაჰყვებიან ორსულებს, აკვირდებიან როგორ ვითარდება ორსულობა. შემდეგ ისინი ძალიან ჩართული მამები არიან, როგორც წესი. მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის მოემზადოს წყვილი. ის მამაკაცები, ვინც ნაკლებად უძლებენ სტრესულ გამოცდილებას ცოტანი არიან. მშობიარობის სხვადასხვა ეტაპია და ამ შემთხვევაში მამაკაცს შეუძლია პირველ ეტაპს მაინც დაესწროს.“
„ბავშვი ჯერ ცნობიერად არ არის ამ ყველაფერში ჩართული, მაგრამ ის არის ახალი მოთამაშე. ამ პროცესში, პირველივე წუთებიდანვე ხდება სამეულის შეკვრა: დედის, მამისა და შვილის. ეს არის ოჯახის ბირთვი. ჩემს გარშემო ყველას ჰქონდა მშობიარობაზე დასწრების სურვილი. ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს არის კანონმდებლობით განპირობებული. მამას აქვს კანონიერი უფლება მშობიარობას დაესწროს. მას შეუძლია მოითხოვოს, რომ უნდა შვილის დაბადების პროცესზე დასწრება,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია მაჭავარიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.