ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ცურვის დროს წარმოუდგენელია, რომ თქვენ სქოლიოზის კორექცია გააკეთოთ,“ - ექიმი-რეაბილიტოლოგი თეა ადამია
ექიმმა-რეაბილიტოლოგმა თეა ადამიამ ხერხემლის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის სასურველი სპორტული სახეობების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სქოლიოზის კორექციას ცურვის დახმარებით ვერ შევძლებთ:
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა მოძრაობას აკეთებს ადამიანი, ამა თუ იმ სპორტის სახეობაში ჩართულობისას. ცურვის დროს წარმოუდგენელია, რომ თქვენ კორექცია გააკეთოთ. როდესაც ბავშვს სქოლიოზი აქვს, ის წყალში გამოიყენებს ძლიერ მხარეს. ხშირად მშობელი ჩივის, რომ მწვრთნელი ბავშვს შენიშვნას აძლევს, რადგან ის ბილიკიდან ცდება. ასეთ შემთხვევაში ცურვა იქნება გამაჯანსაღებელი და არა მაკორეგირებელი. თუ არის საუბარი იმაზე, რომ ტანდეგობა მოშვებულია, სიმეტრიულია სხეული, მაგრამ სუსტია, ასეთ შემთხვევაში ცურვა კარგია. ცურვა არის ფანტასტიკური საშუალება, რომ გავაძლიეროთ კუნთი.“
თეა ადამიას თქმით, არცერთი სპორტი არ უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას ან ზრდის შეფერხებას:
„ჩვენ ვხედავთ, რომ სპორტის ერთ სახეობაში უდიდესი ნაწილი სპორტსმენების არის ტანდაბალი, მეორეში კი ტანმაღალია. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს უკეთესი მონაცემია პროფესიული სპორტისთვის. მაღალი მიღწევების სპორტი სახეობის მიხედვით ითხოვს გარკვეულ გენეტიკურ მონაცემს. ნებისმიერი დოზირებული ფიზიკური დატვირთვა ბავშვის განვითარებას ხელს უწყობს.“
„მითია, რომ მხატვრული ტანვარჯიში სიმაღლეში ზრდას აფერხებს, ისევე როგორც მითია ის, რომ კალათბურთი და ფრენბურთი სიმაღლეში ზრდის,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა ადამიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.