ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
„ასწავლეთ შვილებს „არა“ - დინა მირცხულავა ბათუმის სკოლის ამბავს ეხმაურება
ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში მწერალი დინა მირცხულავა წერს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:
„ასწავლეთ შვილებს „არა“.
არ მოგესმათ, ა ს წ ა ვ ლ ე თ !
ხშირად მომისმენია ახალგაზრდა დედებისგან:
- ჩემს შვილს არაფერს ვუკრძალავ. (აუკრძალეთ !)
- თუ ვერ ვუხსნი - რატომ არ შეიძლება, არ უნდა დაუშალოთ.
(რა სისულელეა, რამდენ ისეთ რამეს ვერ ვხსნით, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არ შეიძლება).
- მე თავისუფლად ვზრდი ჩემს შვილს (მეც... მაგრამ ანარქიაში ნუ გადაუვა).
გულზე შემოიყარეთ, როცა თქვენი შვილი თოჯინას თვალს ამოთხრის და ხელ-ფეხს მოატეხავს.
არა, არ დასაჯოთ (უფრო სწორად, გააჩნია, რა ასაკშია), მაგრამ ასწავლეთ, რომ - არა, არა, არა, ასე არ შეიძლება.
„აინტერესებს შიგნით რა არის“ - ამ მოტივით ნუ გაგეცინებათ ამაზე.
სანამ პატარები არიან, უკონტროლეთ სოციალური ქსელები, სამეგობრო წრე, მიმოწერა - ამ უკანასკნელში ჩანს ყველაზე კარგად მათი ხასიათი.
უთხარით „არა“, ხშირად უთხარით და არავითარ შემთხვევაში არ გადათქვათ მერე ეგ თქვენი „არა“.
მაგალითისათვის: პარკში გამყავს ხოლმე ილიანა და ვაკვირდები ფრანგ დედებს (აქ ვცხოვრობ და აქაური მაგალითი მომყავს), გაგიკვირდებათ და შვილებს მკაცრად ზრდიან ამ „გარყვნილ“ ევროპაში და რაიმე უმნიშვნელო მიდრეკილებას თუ შეატყობენ, ფსიქოლოგთან მიარბენინებენ.
- მე ვთქვი, არა! - ხშირად გაიგონებთ ამ წინადადებას ფრანგი დედებისგან.
ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება, ყველაფერი შესაძლებელია - ბავშვს მოძალადედ აყალიბებს და აყალიბებს.
„არა“, „არ შეიძლება“, „გიკრძალავ“ რომ არ იციან, ეგ ბავშვები სჩადიან მერე მკვლელობებს, წიხლავენ თანატოლებს და სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს.
ბათუმის სკოლის ამბავმა შემძრა... სად გავიქცე და სად გავექცე ამდენ ამბავს, აღარ ვიცი...“ - წერს მწერალი დინა მირცხულავა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში არასრულწლოვანმა გოგონებმა შეურაცხყოფა მიაყენეს თანატოლს და ფაქტის ამსახველი ვიდეო TikTok-ზე ატვირთეს.