„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ღიმილის დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი, თუმცა ღიმილი სულ არსებობს. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, არანაირ რასას, არანაირ რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია. თითოეულ ჩვენს რეაქციას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. ეს ყველაფერი ტვინში მიმდინარე პროცესებია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ეს სამივე გახლავთ ჩვენი სიამოვნების, დაჯილდოვების, კარგი ხასიათის ხელშემწყობი.

ის, რომ ღიმილი აჯანსაღებს, ეს ნამდვილად ასეა. ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, ძლიერდება უამრავი სისტემის მუშაობა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯადოსნური ფრაზა, რომელიც გაღიზიანებული ბავშვის დამშვიდებაში დაგეხმარებათ

ჯადოსნური ფრაზა, რომელიც გაღიზიანებული ბავშვის დამშვიდებაში დაგეხმარებათ

ბავშვებს ხასიათი სწრაფად ეცვლებათ. ორი წუთის წინ ბედნიერი და მხიარული ბავშვი მოულოდნელად ღიზიანდება, ისტერიკას აწყობს, რაც მშობლების განწყობაზეც ნეგატიურად მოქმედებს. ბავშვის გაღიზიანების მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაა. შესაძლოა, მას თოჯინა გაუტყდა ან რამეზე იეჭვიანა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხედავთ, რომ ​ბავშვი ბრაზობს, ემოციებს ვერ აკონტროლებს და ისტერიკას აწყობს, მას მშვიდი და კეთილმოსურნე ხმით შემდეგი კითხვა დაუსვით:

„ძალიან დიდი პრობლემა გაქვს, საშუალო თუ პატარა?“

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს მეგობარმა სათამაშო არ დაუთმო, რის გამოც ის ტირის. ამ დროს ​ბავშვს ისტერიკის მოწყობამდე მიმართეთ და ჰკითხეთ: „ეს დიდი პრობლემაა, საშუალო თუ პატარა?“ როდესაც ბავშვი პასუხს გაგცემთ, ერთად იმსჯელეთ პრობლემის სიდიდესა და მისი მოგვარების გზებზე. ბავშვს უთხარით, რომ პრობლემის სიდიდის მიუხედავად, მისი მოგვარების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.

ფსიქოლოგები სამ მიზეზს ასახელებენ, რის გამოც ეს ჯადოსნური ფრაზა ბავშვებზე დადებითად ზემოქმედებს და ისინი მარტივად მშვიდდებიან:

  • ბავშვი ამჩნევს, რომ ჩვენ მის გრძნობებს პატივს ვცემთ.
  • კითხვაზე პასუხის გასაცემად ბავშვი ყოვნდება და პრობლემას აანალიზებს, რაც მას დამშვიდების შესაძლებლობას აძლევს.
  • აღნიშნული კითხვის დასმით მშობლები ბავშვს შესაძლებლობას აძლევენ, რომ მან საკუთარი პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად სცადოს.

ამ მარტივი კითხვის დასმით და ​შვილთან მშვიდად საუბრით თქვენ დიდ დროს და ნერვებს დაზოგავთ, ამასთან ბავშვს დაეხმარებით, რომ მეტად თავდაჯერებული გახდეს.

მომზადებულია ​brightside.me - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად