„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“- ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ღიმილის დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი, თუმცა ღიმილი სულ არსებობს. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, არანაირ რასას, არანაირ რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია. თითოეულ ჩვენს რეაქციას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. ეს ყველაფერი ტვინში მიმდინარე პროცესებია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ეს სამივე გახლავთ ჩვენი სიამოვნების, დაჯილდოვების, კარგი ხასიათის ხელშემწყობი.

ის, რომ ღიმილი აჯანსაღებს, ეს ნამდვილად ასეა. ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, ძლიერდება უამრავი სისტემის მუშაობა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებში იმუნიტეტის შეძენა ხშირი ავადობით ხდება, ასე ყალიბდება იმუნოლოგიური მეხსიერება ვირუსების მიმართ,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბავშვებში იმუნიტეტის ჩამოყალიბების შესახებ საუბრობს:

„ბავშვი ნულიდან ერთ წლამდე ფაქტიურად არ ავადობს, თუ ავადობს, ძალიან იშვიათად, იმიტომ, რომ მას დედისგან გადაცემული იმუნიტეტი აქვს. ერთი წლის შემდეგ ბავშვი იწყებს ხშირ ავადობას, განსაკუთრებით რესპირატორული, ვირუსული ინფექციებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს სააღმზრდელო დაწესებულებაში. მას აქვს ბევრი კონტაქტი, აქედან გამომდინარე ის იწყებს ავადობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და ამერიკის პედიატრთა აკადემიამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ავადობის უფლება აქვს წელიწადში ექვსჯერ ან რვაჯერ. ვირუსული ინფექციებით ავადობასაც გააჩნია. ერთია ხშირი ავადობა და მეორეა ხანგრძლივი ავადობა. თუ ბავშვს ვირუსული ინფექცია აქვს და ხუთი დღის განმავლობაში თვითონვე ალაგდა ყველაფერი, დარეგულირდა ტემპერატურა, გაქრა რესპირაციული სიმპტომები, ე.ი. საქმე გვაქვს ნორმალური იმუნიტეტის ჩამოყალიბებასთან.“

ინგა მამუჩაშვილის თქმით, შეუძლოდ მყოფ ბავშვს ექიმის ყურადღება აუცილებლას ესაჭიროება:

„ექიმის ყურადღება ყოველთვის აუცილებელია. ტემპერატურიდან მეორე-მესამე დღეს ბავშვი აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუმცა მედიკამენტის მიცემა აბსოლუტურად არ წარმოადგენს აუცილებლობას. ეს არის ნორმა. ასე ხდება იმუნიტეტის შეძენა. ასე ყალიბდება გარკვეული ვირუსების მიმართ იმუნოლოგიური მეხსიერება, ხშირი ავადობით. იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე სხვა უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს. განსაკუთრებით მოქმედებს ეკოლოგიური სიჯანსაღე. პროდუქტები არ უნდა იყოს გაჯერებული ნიტრატებით. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, სწორი და დარეგულირებული ძილი, ამასთან ერთად ნაკლები სტრესი, ნაკლები ძალადობა ბავშვებზე, თუნდაც იმით, რომ აი, ეს აუცილებლად უნდა ჭამოს.“

ინგა მამუჩიშვილი აღნიშნავს, რომ ექიმის ნებართვის გარეშე ბავშვისთვის ვიტამინის მიცემა არ შეიძლება:

„ვიტამინი, ისევე როგორც სხვა მედიკამენტები, შეიძლება, იყოს ორგანიზმისთვის შხამი. თუმცა ვიცით, რომ ვიტამინები შეუცვლელი და აუცილებელია. ვიტამინი ორგანიზმში არ წარმოიქმნება, ამიტომ, ის სწორი, ბალანსირებული კვებით უნდა მივიღოთ. ზოგიერთი ბავშვი პრინციპულად არ იღებს ხორცს, არ იღებს თევზს, ბოსტნეულს, ხილს და ა.შ. მიუხედავად ამისა, ყველა კონკრეტულ შემთვევაში ვიტამინების დანიშვნა უნდა გადაწყვიტოს ექიმმა.“

„არსებობს კვლევა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ D ვიტამინს 25-ჯერ შემცირდა კოვიდით გამოწვეული სიკვდილობა. თუმცა ეს კვლევა ბავშვებზე არ ჩატარებულა, მხოლოდ მოზრდილებზე. D ვიტამინი მონაწილეობას იღებს იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლის ჩამოყალიბებაში, შესაბამისად, მე ამ კვლევას ვეთანხმები,“- აცხადებს ინგა მამუჩიშვილი.

წაიკითხეთ სრულად